კრემლისტური „სეზონი TV“ კომისიის ნებართვით რუსულ ენაზეც იმაუწყებლებს

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „სეზონი ტვ“ ქართულთან ერთად, რუსულ ენაზეც იმაუწყებლებს. „სეზონი ტვ“ ავრცელებს რუსულ პროპაგანდისტულ და ანტიდასავლურ გზავნილებს. ეს არხი მოსკოვს წარმოაჩენს საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებდა, რომ საქართველოში არსებობს სახელმწიფო გადატრიალების მუდმივი საფრთხე და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ საფრთხის შეკავება შეუძლია, რუსეთია. შესაბამისად, საქართველოს სჭირდება პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან.

„სხვა გადაცემაში ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტი აკრიტიკებდა აჭარის მუზეუმებს, რომ ისინი არ აღნიშნავდნენ რუსული ძალების მიერ ოსმალეთის ოკუპაციისგან აჭარის განთავისუფლების 145 წლის იუბილეს და აცხადებდა, რომ ხდება თარიღის უგულებელყოფა. გასულ პერიოდებში მრავალჯერ გაკეთებული განცხადებების მსგავსად, პროპაგანდისტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში რუსეთის ყოფნის გარეშე აჭარა კვლავ დაიკარგებოდა და თურქეთი კვლავ განახორციელებდა მის ოკუპაციას.

„ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ ეთერში მოუწოდებდა ადამიანებს, დაერეკათ „ანტი-მაიდანის“ ოფისებში და ჩაწერილიყვნენ დაჯგუფებაში. პროპაგანდისტის თანახმად, მაღალი ალბათობით გარდაუვალია ხელისუფლების დამხობის და საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობები. ზურაბ მახარაძის განცხადებით, გამოძახების შემთხვევაში, დაჯგუფების წევერები მზად უნდა იყვნენ თბილისში სამოქმედოდ 4 საათის ვადაში, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ქვეყნის დაცვა ომისგან.

პრორუსული ტელეკომპანია „სეზონის“ წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებდა, რომ აშშ ემზადება საქართველოში რეჟიმის ცვლილებისთვის და რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

ტელეკომპანია „სეზონის“ პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე სუსის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ აშშ პირდაპირ არის ჩართული საქართველოში გადატრიალების მომზადებაში. მისი თქმით, USAID ახალგაზრდებს ზუსტად ისე ამზადებს, როგორც 2003 წელს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში“, - ნათქვამია Grass-ის ანგარიშში.

შპს „სეზონი ტვ“ 2021 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკია, რომელიც ცნობილია საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით. სტალინის სახელს ატარებს ქალაქ გორში მდებარე რესტორანი, რომლის მესაკუთრეც გიორგი კანდელაკია. ამავე რესტორანში მას „სტალინის ოთახიც“ აქვს მოწყობილი. კანდელაკი არის საზოგადოება „გორელის“ წარმომადგენელი. ამ ორგანიზაციის წევრები გორში საბჭოთა დიქტატორის ძეგლის აღდგენას ითხოვენ.

იოსებ სტალინის მმართველობის დროს საქართველოში სიკვდილით დასაჯეს ასეულობით სასულიერო პირი, მათ შორის, უმეტესწილად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და ათასობით მრევლი, განსაკუთრებით 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებისას და შემდეგ 1937-1938 წლების სტალინური ტერორის დროს. მთელს სსრკ-ში სტალინის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 80 000 სასულიერო პირი და მილიონამდე მოქალაქე, მხოლოდ და მხოლოდ მათი რელიგიური რწმენისთვის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.