კუპრაძის თქმით, აუდიოჩანაწერი „ოცნების“ მხრიდან მათ კანდიდატებზე ზეწოლას ადასტურებს

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ „ქართულმა ოცნებამ “ კოალიციის ერთ-ერთ კანდიდატს კანდიდატურის მოხსნა აიძულა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„უკვე დადასტურებულია შესაბამისი ჩანაწერით, რომ კოალიცია „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრებზე, მაჟორიტარობის, მერობის კანდიდატებზე, ჩვენს ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა ანტიქართული „ოცნების“, ივანიშვილის, კახა კალაძისა და სუს-ის მხრიდან. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ჩვენი, ეშინია ჩვენი მონაწილეობის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არარსებულია რატომ სჭირდება მას ზეწოლა და ძალადობა, განსაკუთრებულად რეგიონებში, ჩვენს წევრებსა და კანდიდატებზე“, - განაცხადა კუპრაძემ.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მარნეულოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელ ყიზილაჯლოში, კარა ორუჯევმა თქვა. აუდიოჩანაწერში, სავარაუდოდ, სწორედ მისი საუბარი ისმის, საიდანაც ირკვევა, რომ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ, სამსახურის შენარჩუნებას დაჰპირდნენ.

„ჩვენ ხელთ გვაქვს ის ჩანაწერი, რითაც დასტურდება ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის პარალელურად. ის ასახელებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ბიზნესებს, ე.წ. შავ სამყაროს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს „ქართული ოცნება“. ის ასახელებს, რომ სუს-ის ჩართულობითა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ მოეხსნა კანდიდატურა“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

პროკურატურამ, გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც შაბათს, 4 ოქტომბერს გაიმართება, „ლელო - ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატებით მონაწილეობენ.

არჩევნებამდე 12 დღით ადრე, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა ბოლნისის მერობის კანდიდატმა, ასაფ ჩირაგოვმა მოხსნა. როგორც „ლელო - ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, მასზე ზეწოლა განხორციელდა. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს ყიზილაჯლოს, ყულარის, პირველი ქესალოს და ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატებმა.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.