კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინ, ქუთაისში, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას აპირებენ. როგორც უგულავამ განაცხადა, ეს დავალება მმართველი პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა 7 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეკრებილ 200-დან 250-მდე საჯარო მოხელეს მისცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თავმჯდომარის გია ბასილაძის თამადობით და საკრებულოს მეორე წევრის [ბაქარი] მახარაძის ხელშეწყობით, სტადიონზე მოეწყო საჯარო მოხელეების შეკრება. მათ მიეცათ დავალება, რომ ადგილობრივი ავტორიტეტების გამოყენებით, ყველა საშუალებით, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ჩამოართვან პირადობის მოწმობები - ჩამოართვან 25 ოქტომბერს და დაუბრუნონ 27 ოქტომბერს. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა უშუალოდ ამ შეხვედრაზე მყოფმა ადამიანმა, რომელსაც ჩვენ ინკოგნიტოდ ვტოვებთ, თუმცა ეს ადამიანი უკვე შევახვედრეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს და ეს ინფორმაცია დაზუსტებით გადაეცათ მათ“, - განაცხადა უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უგულავას ინფორმაციით, შეხვედრას თბილისიდან, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ.
„თქვენ თუ გჯერათ უგულავას განცხადების?“, - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გია ბასილაძემ ამ თემაზე სხვა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საჯარო სამსახურებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დასაქმებულებს მათი ოჯახის წევრების პირადი ნომრების წარდგენას სთხოვენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მიხედვით, არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა დანაშაულია. ასეთი ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ან ჯგუფურად - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.
