„ლიბერთი ბანკს“ „ბაზისბანკი“ ყიდულობს

„ლიბეთი ბანკი“ იყიდება და მას „ბაზისბანკი“ ყიდულობს. საკითხის განხილვა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სს „ლიბერთი ბანკი“ მესამე უმსხვილესი ბანკია საქართველოში და მხოლოდ „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისის“ ჩამორჩება, „ბაზისბანკი“ კი ბანკების რეიტინგში მეოთხე პოზიციას იკავებს.

„ლიბერთი ბანკის“ სააქციო წილის 95.12%-ს ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“ ფლობს. ბანკის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ირაკლი რუხაძე, ბენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. იგივე პირებს ეკუთვნით ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი.“, რომელიც სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ 100%-იან წილის მფლობელია.

2024 წელს „ლიბერთი ბანკის“ წმინდა მოგებამ 103 357 000 ლარი შეადგინა. ბანკი შემოსავალს იღებს სოციალური მომსახურების სააგენტოსგანაც - პენსიის მიმღებთათვის საბანკო მომსახურების გაწევისთვის.

რაც შეეხება „ბაზისბანკს“, 2012 წელს მისი აქციების 90% შეიძინა ჩინურმა კომპანიამ, Xinjiang Hualing Industry & Trade Co. Ltd-მა („ჰუალინგ ჯგუფი“), რომელმაც მოგვიანებით აქციების წილი 92%-მდე გაზარდა. 2024 წელს „ბაზისბანკის“ წმინდა მოგება თითქმის 14%-ით გაიზარდა და 87.4 მილიონი ლარი შეადგინა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს. დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 10 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ლიბერთი ბანკისა“ და „იმედის“ მფლობელმა, აშშ-ის მოქალაქე ირაკლი რუხაძემ ბანკის გაყიდვის სურვილი აპრილში დაადასტურა. მანამდე ის უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციების სიაში მოხვდა. 2024 წლის დეკემბერში, ირაკლი რუხაძის კომპანიის, Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხი განიხილეს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.