მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა, რუსეთი მეორე ადგილზეა, აშშ - მესამეზე

2024 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 284.3 მილიონი აშშ დოლარი (772.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 27.1%-ით (105.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ოდენობით პირველ ადგილზე იტალიაა, საიდანაც გასულ თვეში 48.12 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. ეს გზავნილების საერთო მოცულობის 16.93%-ია. გასული წლის მაისთან შედარებით, იტალიიდან ჩარიცხული თანხა 7.74%-ით გაიზარდა.

ფულადი გზავნილების სტატისტიკაში რუსეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რუსეთზე 48.11 მილიონი დოლარი, ანუ ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 16.92% მოდის, რაც 69.50%-ით ნაკლებია 2023 წლის მაისთან შედარებით. უკრაინაში ომის დაწყებისა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლის შემდეგ, ფულადი გზავნილების ოდენობით რუსეთი ლიდერობდა. პიკი 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირდა - ერთ თვეში 317.3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

მესამე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც მაისში 47.22 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. ეს ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 16.61%-ია და 22.10%-ით მეტია გასული წლის მაისის ჩარიცხვებზე.

ქვეყნები, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • იტალია - 48.12 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 48.11 მლნ დოლარი
  • აშშ - 47.22 მლნ დოლარი
  • საბერძნეთი - 22 მლნ დოლარი
  • ისრაელი - 21.78 მლნ დოლარი
  • გერმანია - 21.73 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 11.34 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 8.63 მლნ დოლარი
  • ესპანეთი - 5.64 მლნ დოლარი
  • ირლანდია - 5.32 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 4.9 მლნ დოლარი
  • ყირგიზეთი - 4.72 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 4.03 მლნ დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო - 3.66 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 3.02 მლნ დოლარი
  • კანადა - 2.23 მლნ დოლარი

მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.1 მილიონი დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის მაისის (31.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.