მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ერთთვიანი ნაწილობრივი ზავის დადებ წინადადებით გამოდიან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მაკრონის განცხადებით, ზავი შეიძლება გავრცელდეს ჰაერიდან და ზღვაში, ასევე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე.

„ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება შემოწმება, იცავენ თუ არა მას ფრონტზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა და აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზის სიგრძე პარიზსა და ბუდაპეშტს შორის მანძილის ტოლია.

გეგმის მეორე ნაწილი გულისხმობს უკრაინაში ევროპული ქვეყნების სამშვიდობო კონტიგენტს გაგზავნას, თუმცა, როგორც მაკრონმა თქვა, „უახლოეს კვირებში უკრანულ მიწაზე ევროპული ჯარები არ იქნება“.

„საკითხავი ის არის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ვცადოთ ზავის, მოლაპარეკებების მიღწევა, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება და მას შემდეგ, როდესაც მშვიდობას ხელი მოეწერება, მოხდება (ჯარის) განლაგება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის გეგმასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ „ყველაფრის საქმის კურსშია“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ და სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-დან 3.5%-მდე უნდა დახარჯონ. ამასთან, მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკომისია უფრო ინოვაციურად უნდა მიუდგეს თავდაცვის ხარჯების დაფინანსების საკითხს.  

28 თებერვალს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ვოლოდიმირ ზელენსკის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის მომხდარი კამათის შემდეგ, რასაც სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხების ხელმოწერის ჩაშლა მოჰყვა, 2 მარტს, ლონდონში, რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე სამიტი გაიმართა. მასში ევროკავშირის, თურქეთისა და კანადის ლიდერები, ასევე, უკრაინის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

სამიტის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი, საფრანგეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, იმუშაონ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე, რომელსაც შეერთებულ შტატებს წარუდგენენ.

სტარმერმა გამოყო სამიტზე შეთანხმებული ოთხი ნაბიჯი უკრაინისთვის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად:

  • უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელება მანამ, სანამ ომი გრძელდება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება;
  • უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს და ნებისმიერმა სამშვიდობო შეთანხმებამ უნდა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება;
  • სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი და ევროპული ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა შეაჩერონ უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი მომავალი შეჭრა;
  • შეიქმნება „მსურველთა კოალიცია“ უკრაინის დასაცავად და ქვეყნაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა პირობა დადო, რომ დიდი ბრიტანეთი მეტ იარაღს  მიაწვდის უკრაინას და განაცხადა, რომ 5000 საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად 1.6 მილიარდ ფუნტს (2 მილიარდი აშშ დოლარი) გამოჰყოფს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.