„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, რომელსაც სომხეთიდან რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება, ლეგიონის წევრი იყო. მისი თქმით, უკრაინაში ყველაფერს გააკეთებენ, ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„ყველა მებრძოლს უტარდება ინსტრუქცია, რომ „ქართულ ლეგიონში“ ყოფნის დროს ან სამსახურის შემდეგ, თავი უნდა აარიდონ რუსეთის მოკავშირე ქვეყნებში ტრანზიტით მოხვედრასაც კი. სამწუხაროდ, სომხეთი რუსეთის მოკავშირეა და არის იმის საშიშროება, რომ მოხდეს მისი ექსტრადირება რუსეთში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესულიყო სომხეთის ტერიტორიაზე. ყველა მებრძოლი არის გაფრთხილებული ბელარუსზე, სომხეთზე და კიდევ რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობაში არიან“, - განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
მან იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რაც გიორგი კინოიანს რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება.
„ეს არის სიკვდილის ტოლფასი, თუ ეს ადამიანი მოხვდა რუსეთის იურისდიქციის ქვეშ და მე მგონია, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაუშვას საკუთარი მოქალაქის ფაქტობრივად გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის.
„ქართული ლეგიონი“ გახდა საერთაშორისო დახმარების სიმბოლო უკრაინისთვის და რუსეთისთვის ყოველი მებრძოლი ითვლება საშიშროებად. რა თქმა უნდა, მოაწყობენ სამაგალითო დასჯას.
„ქართული ლეგიონიდან“ უმრავლესობას დაუსწრებლად მიუსაჯეს უვადო პატიმრობა. ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს. ყველაზე ცუდ შემხთევვაში კი, თავადაც გესმით, როგორ ექცევა რუსეთი ტყვეებს - ეს ადამიანი აღმოჩნდება სამხედრო ტყვეობაში და ძალიან დიდი საშიშროებაა, უბრალოდ მოკლან ციხის საკანში. არც ეს არ არის გამორიცხული.
აქედან გამომდინარე, უნდა ვიღონოთ ყველაფერი - პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ და დიპლომატიურმა კორპუსმა. ჩვენ ჩავრთავთ უკრაინას, ჩავრთავთ სამსახურებს, რომლებიც კომპეტენტურები არიან მებრძოლებზე, ვინაიდან ეს ადამიანი ოფიციალურად იყო საკონტრაქტო სამსახურზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ვეცდებით, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება“, - აღნიშნა მამუკა მამულაშვილმა.
29 წლის გიორგი კინოიანი 3 სექტემბერს, საქართველოდან სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს და ამჟამად 40-დღიან საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. როგორც მისმა ძმამ, ვაკომ განაცხადა, საქართველოს საზღვრის კევთისას მას „არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ დააკავებდნენ ან რაიმე პრობლემა შეექმნებოდა“.
2024 წლის 25 ოქტომბერს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გიორგი კინოიანი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით („დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში“) და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთს მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
