ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეაჩერა ყველა ამერიკული საგარეო დახმარება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ან მათი მეშვეობით ფინანსდებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 2 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 3 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 4 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 5 საჯარო რეესტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
- 6 აშშ დაასანქცირებს და განდევნის კრიმინალების (ივანიშვილი და კომპანია) ნათესავებს - უილსონი
გუშინ, 26 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების გადაფასებასა და გადაწყობას ეხება.
„ის [მარკო რუბიო] იწყებს ყველა საგარეო დახმარების პროგრამის გადახედვას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ეფექტურია და შეესაბამება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას „ამერიკა პირველ რიგში“ დღის წესრიგის ფარგლებში. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღარ აპირებს ბრმად ფულის გამოყოფას ამერიკელი ხალხისთვის უკუგების გარეშე. შრომისმოყვარე გადასახადის გადამხდელების სახელით უცხოური დახმარების გადახედვა და გადაწყობა არის არა მხოლოდ სწორი, არამედ ეს მორალური იმპერატივია“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტი ციტირებს მარკო რუბიოს სიტყვებსაც - „ყოველი დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ყოველი პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და ყოველი პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, გამართლებული უნდა იყოს სამ მარტივ კითხვაზე პასუხით: აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოდ? აძლიერებს თუ არა ეს ამერიკას? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს?“.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებამდე წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ს, რომელიც 10 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, მიმართა და მათ მიერ განკარგულებების უგულებელყოფის შემთხვევაში, „დისციპლინური პასუხისმგებლობით“ დაემუქრა.
20 იანვარს, პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებიდან რამდენიმე საათში, დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების 90 დღით შეჩერების შესახებ აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების საგარეო დახმარება და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„ისინი ემსახურებიან მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების პოპულარიზაციის გზით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს ქვეყნების შიგნით და მათ შორის“, - ნათქვამია განკარგულებაში.
USAID-ის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა, Reuters-ს განუცხადა, რომ გაყინულია უკრაინაში მიმდინარე პროექტები, მათ შორის სკოლების და ჯანდაცვის მხარდაჭერა, დედათა გადაუდებელი დახმარებისა და ბავშვთა ვაქცინაციის ჩათვლით. როგორც Reuters-ი წერს, ჰუმანიტარული ორგანზიაციები და დონორები ცდილობენ გაარკიონ, რა გავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის დირექტივა სიცოცხლის გადარჩენის ოპერაციებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.