მარნეულის ეპისკოპოსმა თქვა, რომ მთავრობის წევრი მის მკვლელობას გეგმავდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) ქადაგებისას თქვა, რომ მოქმედი მთავრობის წევრი მის მკვლელობას ამზადებდა და ამისათვის მონაზონი ჰყავდათ გადაბირებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პერსონიფიცირებას მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდენ და სვამდნენ, ძმებად მიმაჩნდა... სწორედ ეს ადამიანი დაბარებულ იქნა, წაეყენა ბრალი, იქნა მოსმენილი ეს ყოველივე და მე როგორც ეპარქიის მწყემსა და მსაჯულმა გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემელი, რომელიც

ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ...

ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან. არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი, რა გაუკეთეს, თუმცა, მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისგან.

ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა თავისი დაცვიანად, გაიქცა აქედან, კუდამოძუებული. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან თმენის მაღალი ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია.

მე ვფიქრობ, მის უკან დგანან ძალები, ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის.

თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება“, – თქვა მარნეულის ეპისკოპოსმა.

პროკურატურამ გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გამოძიება დაიწყო.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ ის არ აპირებს პროკურატურასთან თანამშრომლობას და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.