„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიის შემზუდველ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახელმწიფო განახორციელებს იმ რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს, რომლებიც აქამდე მედიის თვითრეგულირების ფარგლებში იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
მდინარაძე, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორიც არის, ირწმუნება, რომ ტელევიზიები თვითრეგულირების ნაწილში „აბსოლუტურად ინტერტულები“ არიან, თუმცა, უცნობია, რას ემყარება მისი ეს შეფასება. ეს თემა არც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია განხილული.
„ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არ იცვლება არც ერთი პუნქტი. ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა. შესაბამისად, თვითრეგულირების არ განხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, იმიტომ, რომ თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა. ტელევიზიები, მაგალითად, თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები.
როგორც აღმოჩნდა და ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული მოდელიდან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი - მოდიფიცირებული, საქართველოს რეალობაზე მორგებული - რაც თქვენ უკვე, ყველა ჟურნალისტს ნაღიარები გქონდათ და იყო უბრალოდ თვითრეგულირების სფეროში.
ახლა ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში. ანუ, ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში - ბევრ შემთხვევაში ხელმოწერით ქარტიაში და ა.შ. - აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ 19 თებერვალს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებათა ორი პაკეტი დააინიცირა. პირველის თანახმად, მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება, ასევე, იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
ცვლილებათა მეორე პაკეტის მიხედვით კი ფართოვდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების საგანი. მაგალითად, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა საკითხებზე საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება როგორც მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში. მოქმედი კანონით, ეს საკითხი თვითრეგულირების ფარგლებშია.
დაუშვებელი ხდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ასევე, დაუშვებელი ხდება პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.
ცვლილებების მიხედვით, საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.
საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელი იქნება შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.
კანონით განისაზღვრება, რომ ფარული მეთოდის გამოყენება გამართლებულია, როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და აუცილებელია სიზუსტის უზრუნველსაყოფად.
დაუშვებელი იქნება ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. გამონაკლისი იქნება შემთხვევა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას.
ამ თემაზე:
TI: მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებების მიზანი კრიტიკული ტელევიზიების განადგურებაა
