TI: მედიის შემზღუდველი ახალი ცვლილებების მიზანი კრიტიკული ტელევიზიების განადგურებაა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფოტოზე არჩილ გორდულაძე, მედიის შემზღუდველი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებები უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით უზრუნველყოფილ გამოხატვის თავისუფლებას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ 19 თებერვალს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებათა ორი პაკეტი დააინიცირა.

პირველი პაკეტის თანახმად, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრეინინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისათვის. ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

„უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული. აკრძალული იქნება ასეთი პირის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, განურჩევლად იმისა, რაოდენ კეთილშობილურ და ამ ქვეყნისთვის საჭირო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცვლილებათა მეორე პაკეტის თანახმად, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა საკითხებზე საჩივრის შეტანა შეიძლება როგორც მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შესფასებით, ფაქტიურად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.

ფართოვდება მოთხოვნები ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის საკითხებში. ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“

„ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.

ასევე, დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონს ემატება სპეციალური მუხლი, რომელიც ვითომ „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის“ დაცვას ემსახურება. მაგალითად, ერთ-ერთი ნორმის თანახმად, „საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“

„პირველ რიგში სამაუწყებლო მედიისთვის, და განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა.

ასევე, ამგვარი შეზღუდვის მიზნებისთვის საჯარო და კერძო დაწესებულებების ერთმანეთთან გაიგივება და მათ მიმართ დაცვის ერთი და იგივე სტანდარტის მისადაგება დაუშვებელია, რადგან საჯარო დაწესებულება გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებობს და მათ უნდა შეეძლოთ ვიღაცის ნებართვის გარეშე მიიღონ, მათ შორის, აუდიოვიზუალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ.

მესამეც, როდესაც საქმე ეხება გამონაკლისს, კითხვებს წარმოშობს „საზოგადოებრივი ინტერესის“ ცნების შინაარსი. როდესაც მაუწყებელი ამა თუ იმ მოვლენას აშუქებს, იგი ცხადია „საზოგადოებრივი ინტერესით“ ხელმძღვანელობს. სხვა შემთხვევაში მისი პროგრამები საზოგადოებისთვის უბრალოდ უინტერესო იქნება. რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს, საინფორმაციო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს.  

[...] ბუნებრივია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს საკითხი კერძო სამართლის ფარგლებში, პირის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით უნდა გადაწყდეს და არა მაუწყებლის საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევის გზით“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და აღნიშნავს, რომ ცვლილებათა მეორე პაკეტი სხვა საეჭვო ნორმებსაც ითვალისწინებს.

ორგანიზაციის დასკვნით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების მთავარი მიზანია:

  • დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის საერთაშორისო პროგრამების შეჩერებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით, ქართული მედიის მხარდაჭერაზე საუბრობს, მსგავსი ნორმების შემოღების შედეგად დამოუკიდებელი მედია ვეღარც ფინანსურ და ვეღარც სხვა ტიპის დახმარებას მიიღებს;
  • მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას - ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ;
  • შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. დამოუკიდებელი სატელევიზიო არხების დასუსტებით ან მედიასივრციდან საერთოდ გაქრობით, აგრეთვე, დასავლურ მედიაპროგრამებზე შეზღუდვების დაწესებით უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის სატელევიზიო არხები, რომლებისგანაც მაყურებელი, ძირითადად, დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ რიტორიკას ღებულობს.
საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.