იულია ნავალნაიამ მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მისი ქმარი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოკლა და ზუსტად იცის, რატომ მოხდა ეს. ნავალნაია აპირებს, ქმრის საქმე თავად გააგრძელოს და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სადღაც უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ციხეში, პოლარული წრის იქით, მუდმივ ზამთარში პუტინმა მხოლოდ ადამიანი - ალექსეი ნავალნი კი არ მოკლა, მასთან ერთად უნდოდა მოეკლა ჩვენი იმედები, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი, გაენადგურებინა საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი შეიძლება სხვანაირი იყოს“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ.
მისი თქმით, ალექსეი ნავალნი ციხეში სამწლიანი წამებისა და ტანჯვის შემდეგ გარდაიცვალა.
„ის უბრალოდ არ იჯდა, ის არ იჯდა ისე, როგორც სხვები სხედან - მას აწამებდნენ, ასობით დღე კარცერში, ბეტონის ყუთში ამყოფებდნენ. მას აბუჩად იგდებდნენ, მოსწყვიტეს სამყაროს, არ აძლევდნენ კალამსა და ქაღალდს, რომ წერილი მოეწერა ჩემთვის ან ჩვენი შვილებისთვის. მას აშიმშილებდნენ. შიმშილობის სამი წელი. ის კი, არა თუ დანებებულა, სულ მხარში გვედგა: გვამხნევებდა, იცინოდა, ხუმრობდა და შთაგვაგონებდა. ერთი წამითაც კი არ შეპარვია ეჭვი, რისთვის იბრძოდა და რისთვის იტანჯებოდა.
ჩემი ქმრის გატეხვა შეუძლებელი იყო და სწორედ ამიტომ, პუტინმა ის მოკლა - სამარცხვინოდ, ლაჩრულად, მაინც ვერ გაბედა, მისთვის თვალებში ჩაეხედა ან მისი სახელი მაინც ეთქვა. ასევე მხდლურად მალავენ დღეს მის ცხედარს, არ ანახებენ, არ აძლევენ დედას, საცოდავად იტყუებიან და ელოდებიან, როდის გაქრება მორიგი პუტინური „ნოვიჩოკის“ კვალი. ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რის გამო მოკლა პუტინმა ალექსეი სამი დღის წინ. მალე მოგიყვებით. ჩვენ აუცილებლად გავიგებთ იმასაც, ვინ და როგორ შეასრულა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ გვარებს და ვაჩვენებთ სახეებს.
მაგრამ მთავარი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ალექსეისთვის და საკუთარი თავისთვის - ბრძოლის გაგრძელებაა, უფრო მეტად, უფრო სასოწარკვეთილად, უფრო მრისხანედ ვიდრე ადრე. ვიცი, თითქოს მეტი შეუძლებელია, მაგრამ მეტია საჭირო. შევიკრიბოთ ყველანი ერთ ძლიერ მუშტად და დავარტყათ ამ შეშლილ რეჟიმს - პუტინს, მის მეგობრებს, ფორმაში ჩაცმულ ბანდიტებს, ქურდებს და მკვლელებს, რომლებმაც გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა.
ალექსეის მოკვლით, პუტინმა ჩემი ნახევარი, ჩემი გულისა და სულის ნახევარი მოკლა, მაგრამ დამრჩა მეორე ნახევარი და ის მკარნახობს, რომ დანებების უფლება არ მაქვს.
მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის და მოგიწოდებთ ჩემს გვერდით დადგეთ, გაიზიაროთ არა მარტო მწუხარება და უსასრულო ტკივილი, რომელიც მოგვიცვა და არ გვიშვებს, არამედ გთხოვთ გაიზიაროთ ჩემი ბრაზიც - ბრაზი, რისხვა, სიძულვილი მათ მიმართ, ვინც გაბედა ჩვენი მომავლის მოკვლა. მე მოგმართავთ ალექსის სიტყვებით, რომლებისაც ნამდვილად მჯერა: სირცხვილი არ არის მცირედის გაკეთება, სირცხვილია არაფრის გაკეთება. სირცხვილია, მისცე უფლება, რომ შეგაშინონ.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა - ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. ვიბრძოლოთ სამართლიანი არჩევნებისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის. ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად. რუსეთი - თავისუფალი, მშვიდობიანი, ბედნიერი - მომავლის მშვენიერი რუსეთი, რომელზეც ჩემი ქმარი ასე ოცნებობდა. სწორედ ეს გვჭირდება. ასეთ რუსეთში მინდა ცხოვრება. მინდა, იქ იცხოვრონ ჩემი და ალექსეის შვილებმა. მინდა თქვენთან ერთად ავაშენო ზუსტად ისეთი [რუსეთი], როგორიც ალექსეი ნავალნის წარმოედგინა: ღირსებით, სამართლიანობითა და სიყვარულით სავსე. მის მიერ გაღებული წარმოუდგენელი მსხვერპლი შესაძლოა უშედეგო არ იყოს. იბრძოლეთ და არ დანებდეთ“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ.
მიმართვის ბოლოს ნავალნაიამ გაიმეორა ქმრის სიტყვები: „მე არ მეშინია და თქვენც არაფრის არ უნდა გეშინოდეთ“.
16 თებერვალს, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ N3 გამოსასწორებელ კოლონიაში, გასეირნების შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა. „ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებდა უწყება. პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს წყარომ გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა.
მოგვიანებით, ნავალნის სიკვდილი მისმა მხარდამჭერებმაც დაადასტურეს. „ალექსეი ნავალნი მოკლეს. ის გარდაიცვალა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე, როგორც ეს ალექსეის დედისთვის გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი“, - დაწერა პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა.
ნავალნის ცხედარს, რომელიც სავარაუდოდ ქალაქ სალეხარდის მორგშია, დედას ამ დრომდე არ ანახებენ. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ სიკვდილის გარემოებების გამოძიება გრძელდება.
ამ თემაზე:
რუსეთში ნავალნის ხსოვნის აქციებზე ორ დღეში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს