რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ალექსეი ნავალნი, 47 წლის ასაკში, ციხეში დაიღუპა. პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა.
„ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებენ სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში.
ოჯახს ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ დაუდასტურებია.
გამოცემა SOTAvision-მა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი გუშინდელი, 15 თებერვლის სასამართლო სხდომიდან, სადაც ნავალნი დისტანციურად ჩაერთო. „ალექსეი მხნე, ჯანმრთელი და მხიარულია“, - წერს გამოცემა.
ალექსეი ნავალნი რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი იყო. 2013 წელს ის მოსკოვის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. 2016 წელს ნავალნიმ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა განზრახული. საარჩევნო კამპანიაც დაიწყო, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი უთხრა კანდიდატად დარეგისტრირებაზე. 2017-2018 წლებში ის მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი იყო.
2020 წლის 20 აგვისტოს, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის საწამლავით მოწამლეს, რის გამოც კომაში ჩავარდა და შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში ბერლინში მკურნალობდა. 2021 წლის 17 იანვარს, პოლიტიკოსი გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ის აეროპორტშივე დააკავეს.
2021 წლის 2 თებერვალს, სასამართლომ ალექსეი ნავალნის 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა კოსმეტიკური კომპანია Yves Rocher-ის საქმეზე პრობაციონერის ვალდებულებების დარღვევის გამო. 2022 წლის მარტში სასამართლომ ნავალნის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში. მას ბრალად შემოწირულებების შეგროვებისას თაღლითობა და სასამართლოს შეურაცხყოფა ედებოდა. 2023 წლის აგვისტოში, „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ შექმნის საქმეზე, ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს.
თავდაპირველად, პოლიტიკოსი სასჯელს ვლადიმირის ოლქში, სპეციალური რეჟიმის ციხეში იხდიდა, 2023 წლის დეკემბერში კი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია Полярный волк-ში („პოლარული მგელი“) გადაიყვანეს. აღნიშნული კოლონია ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე, ციმბირში მდებარეობს. 2024 წლის 14 თებერვალს, პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში ამბობდა, რომ ნავალნი პატიმრობის განმავლობაში 27-ედ, 15 დღით მოათავსეს სადამსჯელო საკანში.
ალექსეი ნავალნის მიერ 2011 წელს დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წლების განმავლობაში ამზადებს ჟურნალისტურ საგამოძიებო მასალებს და ავლენს კორუფციას რუსეთის ხელისუფლებაში. 2021 წელს გამოქვეყნდა ფილმი კორუფციულ სქემაზე, რომელსაც, გამოძიების ავტორების თქმით, ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. ფილმი ეხება „პუტინის სასახლეს“ - რეზიდენციას შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ გელენჯიკში, რომლის აშენება 100 მილიარდი რუბლი დაჯდა. სასახლის ირგვლივ 7000 ჰექტარი დახურული ტერიტორიაა და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ კონტროლდება.