„მედიის ადვოკატირების კოალიცია”, რომელიც მედიის საკითხებზე მომუშავე და მედიის უფლებადამცველ 17 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, გმობს ონლაინგამოცემების, „საქართველოს ამბებისა“ და „მთის ამბების“ რედაქტორზე, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 5 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 6 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
„ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ“, – აცხადებს „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.
კოალიცია აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება.
„მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით მომზადებულმა მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. „ქართული ოცნება“ ღიად ძალადობს ქართველ ხალხსა და დამოუკიდებელ მედიაზე.
გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე „ქართული ოცნების“ სამართალდამცველისა თუ რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობით 100-ზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, უკანონოდ საქმიანობის ხელის შეშლა, შეურაცხყოფა, მუქარა, თუმცა არცერთი დამნაშავე იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი.
პოლიტიკური პატიმარი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, რაც ასევე ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, ვინც მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად აგრძელებს საქმიანობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში.
გელა მთივლიშვილი 15 მარტს თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც წეროვანთან, ავტობანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული თანამშრომელი დაესხა თავს.
„უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.
თავდასხმის ამსახველ ვიდეოში ჩანს შეიარაღებული, შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც იგინება დაამბობს: „ხარება [შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი] ვისაც არ ევასება, იმის დედას შევე*ი“.
2 თებერვალს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ აგინებდა „თბილისი მოლთან“ გამართული აქციის მონაწილეებს ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, რის შემდეგაც ერთ-ერთი დაკავებული მოქალაქე საცემად მიჰგვარეს და მას სახეში წიხლი ამოარტყა.
„ხარება“ დაკავებულებზე ფიზიკურ ძალადობას ხელმძღვანელობდა. „მთის ამბები“/“საქართველოს ამბების“ მიერ გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ მოუწოდებდა ის თანამშრომლებს, დაკავებული კამერების თვალწინ არ ეცემათ.
