მედიის თავისუფლების ორგანიზაციები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

მედიის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ყველა ბრალდება გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

განცხადება მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნით სხდომამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა. მოსალოდნელია, რომ ხვალ, 1-ელ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განაჩენს გამოაცხადებს.

„ამაღლობელი იანვრიდან უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. თვეების განმავლობაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხედველობა საგრძნობლად გაუარესდა. მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა - ბრალდება, რომელიც ფართოდ აღიქმება როგორც გადამეტებული და პოლიტიკურად მოტივირებული და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

14 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა ისაუბრა იმ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც მან 11 და 12 იანვარს მისი დაკავების დროს განიცადა.

დაკავების შემდეგ, ამაღლობელი და მისი დაარსებული მედიაორგანიზაციები გახდნენ დისკრედიტაციის კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური წნეხის სამიზნეები.

„ქართული ოცნება“ ასევე უსაფუძვლოდ ადანაშაულებს მას უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში, რაც მისი, როგორც ჟურნალისტის, დისკრედიტაციის მცდელობაა.

17 ივლისს ხელისუფლებამ დააყადაღა გაზეთი „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ საბანკო ანგარიშები, რაც ამ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ემსახურება.

საქართველოში ამაღლობელი მედიის სიმტკიცისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს.

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეავიწროვა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა რეპრესიული კანონებით, ჟურნალისტების უსამართლო დაკავებებით, მიზანმიმართული ეკონომიკური ზეწოლით და ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების დაუსჯელობით.

1-ელ აგვისტოს ჩანიშნული ამაღლობელის საბოლოო სხდომის წინ, კვლავ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და უზრუნველყოს მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება.

ჩვენი ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი ივლისის დასაწყისში საქართველოში იმყოფებოდა პროცესების დასაკვირვებლად, ყურადღებით დააკვირდებიან ხვალინდელ მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ, რომ დასრულდება ეს დისკრიმინაციული დევნა, რომელიც მზია ამაღლობლის, მედიის თავისუფლების სიმბოლოს წინააღმდეგ ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI)
  • ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
  • ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი (ECPMF)
  • მუხლი 19 ევროპა
  • OBCT ფონდი
  • სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ)
  • ცენზურის ინდექსი
  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)
  • არამინტა
  • მედიის მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი
  • მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი
  • მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა (IMS)

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.

პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.