„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, 4 წლის ვადით, ადვოკატი მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა. ამას წინ უძღოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულება გაუქმდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი“, – განაცხადეს ყაველაშვილის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, ყაველაშვილმა კაკოჩაშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსში მონაწილე კანდიდატების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა და ჩატარებული გასაუბრებების შედეგად მიიღო.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება ბათილად ცნო. წიქარიშვილის განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ ყაველაშვილს მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნაც დაავალა, რითაც „პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში შეიჭრა“.
„ძალიან კარგად ჩანს პოლიტიკური დაკვეთა, რომ მე არ უნდა შევსულიყავი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლოში „კლანის“ არსებობის შესახებ საუბრობს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.
კახა წიქარიშვილის კანდიდატურას რეკომენდაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ გაუწია. მანუჩარ კაკოჩაშვილი კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებდა. სწორედ მისი სარჩელის საფუძველზე, 2024 წლის 22 ივლისს, მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება შეაჩერა. სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს ახალი კონკურსის ჩატარება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა აეკრძალა.
პრეზიდენტს 15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი წევრის დანიშვნის უფლება აქვს. საბჭოს ფართო უფლებამოსილებებს შორისაა მოსამართლეთა უვადო გამწესება.
