სასამართლომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნა ბათილად ცნო

კახა წიქარიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება ბათილად ცნო და მიხეილ ყაველაშვილს დაავალა, მის ნაცვლად საბჭოში მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნოს. გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა მიიღო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კახა წიქარიშვილი პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს და ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.

„მოსამართლე იჭრება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და ეუბნება მას, არათუ ვინ მოხსნას, არამედ ვინ დანიშნოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარადოქსი. ძალიან კარგად ჩანს პოლიტიკური დაკვეთა, რომ მე არ უნდა შევსულიყავი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, 4 წლის ვადით, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით 2024 წლის 15 ივლისს დაინიშნა. წიქარიშვილისა და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს რეკომენდაცია პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ გაუწია.

22 ივლისს  მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, ადვოკატ მანუჩარ კაკოჩაშვილის მიერ იმავე დღეს წარდგენილი სარჩელი და პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. ამასთან, სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნა. კაკოჩაშვილი მიიჩნევდა, რომ შესარჩევი კომისია მიკერძოებული იყო და წიქარიშვილს კვალიფიკაციის შესამოწმებლად შეკითხვები არ დაუსვა.

როგორც კახა წიქარიშვილი ამბობს, სასამართლო საქმეს ხუთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად არ განიხილავდა მანამ, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი არ დანიშნა. „სასამართლოში მოვიდა პრეზიდენტის ახალი წარმომადგენელი და თქვა: დიახ, ჩვენ ვაღიარებთ სარჩელს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ კახა წიქარიშვილი იყო უკანონოდ დანიშნული, ამიტომ მოვხსნით მას“, - აღნიშნა წიქარიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი ორგანოა. ის ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც.

საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსი არამოსამართლე წევრია. პრეზიდენტი უფლებამოსილია ერთი არამოსამართლე წევრი დანიშნოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.