საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად, 4 წლის ვადით, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი დანიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
კახა წიქარიშვილისა და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს რეკომენდაცია პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ გაუწია. როგორც დღეს გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილმა არჩევანი წიქარიშვილზე შეაჩერა და მისი დანიშვნის განკარგულება გამოსცა.
შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებისას კახა წიქარიშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემად კლანის არსებობა დაასახელა, რომელიც, მისივე სიტყვებით, მაფიოზური ჯგუფია.
„საერთაშორისო ლიტერატურაშიც ასე მოიხსენიება ასეთი ჯგუფები სასამართლო სისტემაში, რომელიც ემსახურება თავის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. სასამართლო სისტემაში ეს ჯგუფი ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა ემსახურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, - აღნიშნა წიქარიშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლეები, რომლებიც უფრო დამოუკიდებლები არიან, ან საერთოდ განიდევნებიან სისტემიდან, ან ყველაზე დაბალ საფეხურზე რჩებიან, ხოლო ისინი, რომლებსაც კლანის მიმართ მორჩილება აქვთ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში წინაურდებიან.
„პრაქტიკულად, უკუღმა არის აწყობილი მთელი სასამართლო სისტემა. ღირებულებები როგორც უნდა იყოს, ამ ღირებულებების საწინააღმდეგოდ არის აწყობილი სასამართლოს იერარქია. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ერთი და ორი გამოსავალი არ ეყოფა, ერთი და ორი წამალი ამისთვის არ არსებობს, ამას ძალიან კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისთვის შექმნილი ორგანოა. ის ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებსაც. საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსი არამოსამართლე წევრია. პრეზიდენტი უფლებამოსილია ერთი არამოსამართლე წევრი დანიშნოს.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის შესარჩევად კონკურსი 21 ივნისს გამოაცხადა. ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა.
