თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამის საფუძველი მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი გახდა. ის ერთ-ერთი იყო იმ 5 კანდიდატიდან, ვისაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილის დაკავება სურდა. კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას პირველად ხვალ, 23 ივლისს უნდა დასწრებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 ივლისს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
„მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ.წ. დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება.
ამავე სარჩელით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, მ. კ-ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის შესარჩევად კონკურსი 21 ივნისს გამოაცხადა. ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა: სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ, პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ, ადვოკატმა მანუჩარ კაკოჩაშვილმა, რომელსაც ერთხელ უკვე სურდა ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრმა, კახა წიქარიშვილმა და საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის პროფესორმა, თამარ ალფაიძემ.
პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია კახა წიქარიშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს გაუწია. სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ არჩევანი წიქარიშვილზე შეაჩერა და მისი დანიშვნის განკარგულება 15 ივლისს გამოსცა.