„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყეს, რომელიც 16:30 საათზე, თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უნდა დასრულდეს. როგორც ისინი ამბობენ, თან აქვთ 150 000 ხელმოწერა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნის ასი ათასობით მოქალაქემ ბევრი დაბრკოლების, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. მართლაც უპრეცედენტო აქტივობა და ერთობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს, სიმბოლურად, გამარჯვებული წალენჯიხიდან დავიძარით. სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან ცოტა დრო, მან უნდა გადაწყვიტოს ირჩევს ევროპას, თუ ირჩევს რუსეთს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.
პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, რადგან „ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას სჭირდება თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები“.
მსვლელობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავაც მონაწილეობს.
„ამ ხელმოწერებში არიან ადამიანები, რომლებიც სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჰუმანური და მაღალი პოლიტიკური ალღოთი გააზრებული აქვთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აუცილებლად უნდა იყოს თავისუფლებაზე და კარს მომდგარ არჩევნებზე უნდა იყოს თავისუფალი გარემო. არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მათთვის პოლიტიკაზე უფრო მისაღებია ის, რომ არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი პიჯაკების გამო ციხეში იყოს. ეს გახლავთ არა ერთპარტიული, არამედ გაერთიანებული ერის ნება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს“, - განაცხადა ხარჩილავამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თებერვლის ბოლოს, ლონდონში, საერთაშორისო ღონისძიებაზე დასმული შეკითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებული არაა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი. „ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. მას დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წელი აქვს მისჯილი. ყოფილი პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.