საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ალექსეი ნავალნი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად იქნება ყოფილი პრეზიდენტი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ლონდონში, Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს ზურაბიშვილმა კომენტარი გააკეთა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. ზურაბიშვილს ჰკითხეს, აქვს თუ არა წუხილი, რომ „ვიდრე ოპოზიციის ლიდერი, ბატონი სააკაშვილი პატიმრობაში რჩება, ეს პირობა არ შესრულდება“.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დამოკიდებული არაა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის პოლიტიკური ოპონენტი ციხეში, ის არ არის ნავალნი, პირდაპირ რომ ვუპასუხო შეკითხვას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხეშია რეალური მიზეზების გამო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჰუმანიტარული პერსპექტივა არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
„რეპუტაციული თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ის სხვაგან ყოფილიყო. ეს მთავრობის გადასაწყვეტია. არსებობს სხვადასხვა გზები, რითაც სხვა ქვეყნები აგვარებენ ამ საკითხს - არის შინაპატიმრობა, არის ექსტრადიცია. უკრაინამ აჩვენა, რომ მზად არის მოითხოვოს ექსტრადიცია, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, გაკეთდა თუ არა ეს ფორმალურად. ასე რომ, ეს შესაძლებლობები არსებობს. რაც შემეხება მე, მე მაქვს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა, რაზეც არასდროს ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის გარეთ და თითქმის არ ვაკეთებ კომენტარს ქვეყნის შიგნით, რადგან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალების შესაძლებლობას და თუ დავიწყებ ახსნას ან გამართლებას, ეს ძალიან უსამართლო იქნება სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომ კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც თავად მივიღებ და მხოლოდ მე ვიქნები პასუხისმგებელი. და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რაზეც რაიმე გზით შეიძლება გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა წნეხით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსი ოპოზიციონერი და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, 47 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა. ის 19-წლიან სასჯელს იხდიდა კოლონია „პოლარულ მგელში, რომელიც ხარპის დასახლებაში, პოლარული წრიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ პოლიტიკოსი პუტინმა მოკლა.
„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით. შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა ალექსეი ნავალნის სიკვდილს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. მას დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წელი აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.