თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სარჩელი ე.წ. პიჯაკების საქმეზე და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, 9 მილიონი ლარიდან არ არსებობს ერთი თეთრი, რაზეც სასამართლოში იქნებოდა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ის ვინმემ „სახლში წაიღო“.
„კეთილი ინებეთ და პრეზიდენტის ხარჯები რომ იქნა გაწეული, რაც არის სახელმწიფო ხარჯი, მოიტანეთ საკუთარი ჯიბიდანიო, მაგრამ ეს შეუძლებელია. აქედან არცერთი თეთრი ამ ადამიანებს პირადად არ მოხმარებია. ახლა რომ ვისმენთ „ოცნების“ წარმომადგენლების კორუფციულ ბრალდებებს, თურმე როგორ ხრავენ ბიუჯეტს, ეს ასეთი საქმე არ არის. ეს არის საქმე, როდესაც ხარჯები მოხმარდა სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირებას.
მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე. ამის პარალელურად დაიწყეს ფინანსური დევნა, უნდათ ახლა მოვალეთა რეესტრში ჩასვან. სამოქალაქო წესით ვალი დაადო ადამიანს განაჩენზე, რომელიც ძალაში არ არის შესული, რომელიც გასაჩირვრებულია, ეს იურიდიული კონსტრუქციების თავდაყირა დაყენებაა“, - განაცხადა ბასილაიამ.
მიმდინარე წლის 12 მარტს, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა არაერთგზის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის.
ამავე საქმეზე, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმის სახელით არის ცნობილი, 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას. პროკურატურამ ჯანაშიას ბრალი თავდაპირველად გაფლანგვისთვის წარუდგინა, თუმცა ბადრი კოჭლამაზაშვილმა საქმე გადააკვალიფიცირა და ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე კოჭლამაზაშვილის განაჩენი დაცვის და ბრალდების მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა, დღეს, 29 სექტემბერს, მეორე ინსტანციის სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. პროკურატურა უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.
საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი თანხებიდან მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის 9 024 367 ლარი დაიხარჯა. აქედან, მაგალითად, დაახლოებით 49 ათასი ლარი გადახდილი იყო სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს, ხოლო 16 ათას ლარამდე - ლონდონში, მკერდითმხატვრის, მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორიელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.
