საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უცხოურ დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის, „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული, საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ჩარევა იქნება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირიდან თუ ამერიკიდან, ის უნდა შეწყდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი „ენჯეოების“ მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ. უკანონო შემოწირულებაც არის და უკანონო შემოწირულებაც. აქ საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს არის ტოლფასი საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის.
უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მოსალოდნელია ამ არჩევნებში. ეს საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, მომდინარეობს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთიდან, ჩარევა იქნება რუსეთის ტერიტორიიდან, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერი ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და არის სწორედაც რუსული სტილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან.
შალვა პაპუაშვილმა დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც, მისი თქმით, ფარული სქემის მონაწილეები არიან, მოუწოდა, დაფინანსება შეწყვიტონ.
„არიან ასეთები. მე ერთს დავასახელებ კიდევ ერთხელ - „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, EED, რომელსაც დაფარული აქვს საკუთარი ხარჯები საქართველოში, არ უმჟღავნებს არც ქართულ საზოგადოებას, არც ევროკავშირის მოქალაქეებს და როგორც ჩანს, პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და ერევა არჩევნებში.
როგორც იცით, არჩევნების სათანადოდ ჩატარება 9 პუნქტის ერთ-ერთი ნაწილია და აქ ჩვენ მარტო ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით. აქ უნდა ჩაერიოს ევროკავშირი, მისი წარმომადგენლობა, ევროკომისია, ვინაიდან EED-ი გახლავთ ვროკავშირის მიერ დაფუძნებული ინსტიტუცია, რომლის მმართველობაში ძლიერად არიან წარმოდგენილნი ევროპარლამენტარები, მათ შორის, ისინი, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
თუკი არის მოლოდინი და ეს ჩვენი საერთო ნებაა, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და პატიოსანი, ამისთვის საჭიროა, რომ აიკრძალოს, შეწყდეს, საქართველოში პარტიების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება ევროპული არხებიდან. ეს გახლავთ ევროკავშირის პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება ეს არხები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება მოხდება, ეს ზიანს მიაყენებს არჩევნებს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილი „Სამართლიან არჩევნებს“, ISFED-ს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაესხა თავს, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან. მისი თქმით, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს „ეშინიათ“ პარტების ფინანსების შესწავლა, რადგან „მათივე დონორია ჩართული ქართული პოლიტიკის დაფინანსების და ქართულ არჩევნებში ჩარევის უკანონო სქემებში“.
„სინამდვილეში, ეს ორგანიზციები, რომლებსაც მონოპოლიზირებული აქვთ საგრანტო ბაზარი საქართველოში, ატარებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებს - რადგან ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ ისინი დააკვირდნენ პარტიულ ფინანსებს, არამედ ისინი ატარებენ საკუთარი დონორების ინტერესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც 2013 წელს ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დაფუძნდა როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო სატრასტო ფონდი ევროპულ სამეზობლოში დემოკრატიის მხარდასაჭერად, აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დემოკრატიის გამაძლიერებელ მოძრაობებს, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებსა და დამოუკიდებელ მედიაპლატფორმებს. EED-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მხარდაჭერა შეიძლება ასევე მოიცავდეს ახლად შექმნილ ან არარეგისტრირებულ ორგანიზაციებს, არაფორმალურ პლატფორმებს, ახალგაზრდულ ჯგუფებს და ინდივიდებს. კერძოდ, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ მხარს უჭერს მათ, ვისაც ვერ ეხმარებიან სხვა დონორები და ევროკავშირის არსებული ინსტრუმენტები. EED-ი აცხადებს, რომ მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე და არაძალადობის პრინციპების დაცვაზე.