სასამართლომ მოქალაქეების ნაწილს ტროტუარზე დგომის გამო პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 23 იანვარს, სამართალდამრღვევებად ცნო პროევროპული აქციების მონაწილეთა ნაწილი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. მათგან ხუთი 4-დან 7 დღემდე ვადით დააპატიმრეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოსამართლე დავით მაკარიძის გადაწყვეტილებით, სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი, ხოლო დიმიტრი ჯამბურიას და ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ასევე 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მიხეილ ზაქარეიშვილს, ანი ახმეტელის შემთხვევაში კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშნით შემოიფარგლა.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ აქტივისტს, ნუკრი კაკულიას, ხოლო ნათია ჭავჭანიძეს სიტყვიერი შენიშნვა გამოუცხადა.

შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კანონი, რომელიც ტროტუარზე დგომისთვის პირველ ჯერზე 15 დღემდე პატიმრობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 10 დეკემბერს დაამტკიცა.

რეზი დუმბაძე იყო პირველი, ვინც სასამართლომ გუშინ, 22 იანვარს, ამ ახალი კანონის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენა.

„ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

[...] მოსამართლეებს, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილებები გამოიტანეს ან მომავალში გამოიტანენ ვერასდროს ექნებათ გამართლება. მათი არგუმენტები, რომ „ასეთია კანონი“ ვერასდროს იქნება გაზიარებული, როდესაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მრავალი საერთაშორისო კონვენცია, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.

გარდა იმისა, რომ მათ შეეძლოთ შეეწყვიტათ საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო, ასევე შეეძლოთ საქმის განხილვა შეეჩერებინათ და შესაბამისი წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ, როგორც ამას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს. სწორედ ასე მოიქცა მათი კოლეგა ვლადიმერ ხუჭუა, რისთვისაც ის საზოგადოების პატივისცემას იმსახურებს“,  – ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაიცავენ ყველა იმ პირის, ვისი უფლებებიც, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ჩათვლით, სახელმწიფომ უკანონოდ შელახა, ხოლო მომჩივნების სურვილის შემთხვევაში, საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.