„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 79 ხმით 9-ის წინააღმდეგ, პროტესტის შემზღუდავი მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, იკრძალება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ გაფრთხილება, თუ აქცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.
გაფრთხილება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში - „დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია“.
შსს-ს ენიჭება უფლებამოსილება, გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, ასევე ალტერნატიული სვლაგეზის შესახებ. მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, თუმცა, ეს მის მოქმედებას არ აჩერებს.
„თუ პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და მაინც შეიკრიბებიან იმ ადგილას, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, ამ შემთხვევაში მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ - პირველ ჯერზე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთით სისხლის სამართლებრივი წესით, ერთ წლამდე ვადით“, – განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ.
ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს აქციის მონაწილეებს გააფრთხილებს, რომ თუ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი აქცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მისი შეწყვეტის შესახებ და „შეიძლება გამოყენებული იქნეს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“.
ამასთან, აქციის მონაწილისათვის 15 წუთის მიცემა „არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია“.
კანონის დარღვევა, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისაამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლებაზე არაკონსტიტუციურ შეტევას განაგრძობს და მის ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების თავისუფლება, ხოლო მეორე პუნქტის მიხედვით, შესაძლოა დაწესდეს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა. საია-ს განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული არ იქნეს გაგებული ისე, რომ გაფრთხილების ვალდებულებამ de facto სახელმწიფოს თანხმობაზე დამოკიდებული გახადოს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის საკითხი.
„ქართული ოცნება“ ცდილობს საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებების შესახებ საერთაშორის პაქტთან შეუსაბამო ნებართვის ინსტიტუტი დააფუძნოს.
აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნებართვას უკვე დაუქვემდებარა დახურულ საჯარო სივრცეში შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება. ახალი ცვლილებები, ფაქტობრივად, არ ტოვებს სივრცეს, რომელშიც შეკრება de facto თანხმობას არ ექვემდებარება და ართმევს ადამიანებს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ შეკრების ადგილი.
ამასთან, ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, როიმ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრი ცხოვრების ჩვეული რიტმის ბევრად ნაკლები ხარისხით შეზღუდვას შესაძლოა იწვევდეს, მიუთითებს, რომ შეზღუდვის მიზანი არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნაა“, - ნათქვამია საია-ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.
უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ავტორიტარული კანონშემოქმედების ტენდენციის გაგრძელებაა. 2024-2025 წლებში შეკრების და მანიფესტაციების მომწესრიგებელ ნორმებში არაერთი ცვლილება შევიდა, გაიზარდა სანქციები, გაჩნდა ახალი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების საფუძვლები. აღნიშნული ცვლილებები საერთაშორისო ინსტიტუტებმა, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გააკრიტიკეს.
