თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროევროპული აქციების მონაწილე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმი გიორგი ახობაძე არასაკმარისი მტკიცებულებების გამო უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ახობაძე ბრალს არ აღიარებდა და პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
10 დეკემბერს, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული ინსულტიანი დედის ერთადერთი მომვლელი იყო. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში გიორგი ახობაძეს დედა გარდაეცვალა.
გიორგი ახობაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა პოლიციელთა მიერ მისი ჩხრეკის და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ჩხრეკის პროცესს არც ნეიტრალური მოწმე დასწრებია. როგორც გიორგი ახობაძე ამბობდა, მისი ბიოლოგიური მასალის - ნერწყვის კვალი ნარკოტიკის შეფუთვაზე პოლიციელებმა ხელოვნურად გადაიტანეს.
„თუ ერთი წინადადებით აღვწერ, ეს საქმე რევანშია ჩემ წინაარმდეგ. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები. ჩემი საქმე იწყება ყალბი პატაკით. ყველა ინფორმაცია სიცრუეა. პოლიციამ სანაპიროზე გამაჩერა და იძულებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ჩამიდეს ნარკოტიკი. ჩხრეკის დროს უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში - ცისფერი ხელთათმანების გამოყენებით გამომისვეს პირში და შემდეგ გადაიტანეს შეკვრაზე. როგორც კი ჯიბეში ჩამიდეს და მერე ისევ ამოიღეს ეს მათი ნაგავი, მერე აღარც მანქანა უჩხრეკიათ, კაპოტიც კი არ აუხდიათ. აღარც სახლი უჩხრეკიათ“, - თქვა გიორგი ახობაძემ 25 ივლისს, როდესაც სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს განაჩენი 28 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა წინა დღეს ადვოკატს სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ განაჩენი გამოცხადების თარიღს მოგვიანებით აცნობებდნენ. დღევანდელი სხდომა, რომელიც 16:00 საათზე იყო ჩანიშნული „ტექნიკური ხარვეზის“ გამო თითქმის 40-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო. მოსამართლის მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
„ბრძოლა ბოლომდე!“ - თქვა ახობაძემ გათავისუფლების შემდეგ.
