თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილეების, ანატოლი გიგაურის და გიორგი ახობაძის განაჩენების გამოცხადება გადაიდო. მომდევნო სხდომების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
დღეს, 28 ივლისს, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა ანატოლი გიგაურმა დასკვნითი სიტყვა თქვა. ოჯახისა და ადვოკატის მოლოდინი, რომ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განაჩენს დღესვე გამოაცხადებდა, არ გამართლდა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, „არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მხარეების მიერ იქნა წარმოჩენილი და რომელსაც კიდევ ერთხელ, გულდასმით სჭირდება შესწავლა“.
მოსამართლე ნაჭყებიამ აუცილებელი მოგერიებაც ახსენა, რაზეც დაცვის მხარე მიუთითებდა და თქვა, რომ ეს „ვრცელი საკითხია, შედგება კომპონენტებისგან და თითოეულის დადასტურება-არ დადასტურება შეიძლება გადამწყვეტი იყოს“.
„თვითონ მოსამართლემ გვითხრა, რომ დღეს გამოცხადდებოდა განაჩენი, თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ საბოლოოს იტყვის ეტაპზე გადაიდო“, - განაცხადა ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.
ცუცქირიძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის ინტერესებსაც იცავს. ამ საქმეზე განაჩენი მოსამართლე რომეო მიქაუტაძეს დღეს, 10:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, გუშინ, 27 ივლისს, ადვოკატს სასამართლოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ განაჩენი გამოცხადების თარიღს მოგვიანებით აცნობებდნენ.
„ძალიან ბევრი ეჭვი და ვარაუდი მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მინიმუმ იქამდე, სანამ არ გამოცხადდება განაჩენი როგორც ახობაძის, ისე გიგაურის საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად გადაკვალიფიცირების შანსი არის, მე მაინც ვიხრები იმისკენ, რომ მოსამართლეს აქვს ორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - ან უნდა გაამართლოს გიგაური, ან უნდა გაამტყუვნოს. იგივე მდგომარეოებაა ახობაძის შემთხვევაშიც“, - თქვა დღეს ლაშა ცუცქირიძემ.
ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიგაური ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
რაც შეეხება გიორგი ახობაძეს, ის 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ახობაძის თქმით, ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს და მისი ბიოლოგიური მასალის - ნერწყვის კვალი ნარკოტიკის შეფუთვაზე ხელოვნურად გადაიტანეს. პოლიციელთა მიერ გიორგი ახობაძის ჩხრეკის და ნარკოტიკული საშუალების ამოღების ამსახველი ვიდეოჩანაწერი საქმეში არ არსებობს. ჩხრეკის პროცესს არც ნეიტრალური მოწმე დასწრებია. გიორგი ახობაძემ დასკვნითი სიტყვით 24 ივლისის სხდომაზე ისარგებლა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თავიდანვე გაყალბდა.
გასულ კვირაში პროკურატურამ ბრალი „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების“ მუხლით გადაუკვალიფიცირა აქციების ფარგლებში დაკავებულ აქტივისტსა და პარტია „ახალის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს. თავდაპირველად, სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ ბრალდებული პოლიციელს დაესხა თავს და ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
