აქტივისტსა და პარტია „ახალის“ წევრს, საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა - სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
დღემდე ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ საბა სხვიტარიძე 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტთან“ თავს დაესხა პოლიციელ მირიან ქავთარაძეს და თავის არეში ხელკეტის გამოყენებით დაზიანება მიაყენა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
დაცვის მხარე აცხადებდა, რომ საქმეში დაზარალებულად ცნობილ მირიან ქავთარაძეს პოლიციელის აღმნიშვნელი ნიშანი არ ჰქონდა და ის პროვოკაციას უწყობდა შეკრებილებს, მათ შორის, ხელი გაარტყა ახალგაზრდა ქალს.
120-ე მუხლი ეხება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვსა. დანაშაული “ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.
„ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ პირველადი თავდამსხმელი არის მირიან ქავთარაძე - ახალგაზრდა ქალზე. მოვიპოვეთ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ არაერთი ჩანაწერი, ტელეთერებში გასული კადრები და შევადარეთ წამობრივად, როდის მივიდა საბა სხვიტარიძე შემთხვევის ადგილზე, როდის დაიწყო კონფლიქტი. ასევე, წარმოვადგინეთ ათობით მოწმე, რომლებმაც ფიცის ქვეშ დაადასტურეს, რომ ნამდვილად არ უთქვამთ, რომ პოლიციელები იყვნენ.
ჩვენი პოზიცია არ იყო მხოლოდ მუხლის ცვლილება. ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბა სხვიტარიძე აღნიშნულ ქმედებაში არის სრულიად უდანაშაულო და ის უნდა გამართლდეს. არავის ეგონოს, რომ დაცვის მხარე მუხლის გადაკვალიფიცირებით კმაყოფილი იქნება. საბოლოოდ კმაყოფილებას გამოვთქვამთ მაშინ, როდესაც სასამართლოში საბა სხვიტარიძის სისხლის სამართლის საქმე გამოცხადდება დაუსაბუთებლად და მოსამართლე გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს“, - განუცხადა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ჟურნალისტებს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემაც. მისი თქმით, ბარლდების მხარემ გაითვლისწინა, რომ, საბა სხიტარიძეს „შესაძლოა არ სცოდნოდა იმის თაობაზე, რომ პოლიციელები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას“.
„მივიღეთ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. [...] ექსპერტიზის დასკვნაშიც წერია და ექსპერტმა სასამართლოშიც განმარტა, რომ მირიან ქავთარაძეს მიღებული ჰქონდა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. ეს პირდაპირ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის შემადგენლობას“, - განაცხადა პროკურორმა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხიც განიხილა და სხვიტარიძე კვლავ წინასწარ პატიმრიბაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, „სახეზე კვლავაა საფრთხეები“. საქმეზე მორიგი სხდომა 26 აგვისტოს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
სხვიტარიძისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება იურისტი, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე საბა ბრაჭველი:
„განსაკუთრებით ცინიკურია, რომ პროკურატურამ, ამ აღიარების მიუხედავად, ბრალდება 120-ე მუხლზე - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაზე - გადააკვალიფიცირა, რომელიც 3531-ზე უფრო მსუბუქია, მაგრამ თავისუფლების აღკვეთას მაინც ითვალისწინებს. ცნობისთვის, სისხლისსამართლებრივად მსუბუქი დაზიანებაა ისაა, რომელიც 6-21 დღემდე მკურნალობას საჭიროებს. ანუ პროკურატურამ ახლა უნდა ამტკიცოს, რომ მირიან ქავთარაძემ მთელი კვირა საავადმყოფოში გაატარა, ან საერთოდ შრომისუნარიანობა შეერყა. წესით საბა ახლა უკვე თავისუფალი უნდა იყოს“.
საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ ის პოლიციელების მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვებოდა. „შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა. მირტყამდნენ გვერდებში და თავში. ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხვას ცდილობდა. ჩემი ცემა, ალბათ, 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი. პერიოდულად გონებას ვკარგავდი“, - ამბობდა სხვიტარიძე. იანვარში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ის დაზარალებულადაც ცნო, თუმცა ამ დრომდე არცერთი მოძალადე პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული.
