მოძრაობის „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრი, ინდიკო ბჟალავა, 98-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ნუცუბიძემ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
„სხდომაზე დავაყენეთ შუამდგომლობა და მოვითხოვეთ, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო. ვასაბუთებდით და ვამტკიცებდით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი ის ინფორმაცია, რომელიც პატიმრობის გამოყენებას აუცილებელს გახდიდა“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ქეთი ჩუთლაშვილმა, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, რომელიც სასამართლოში აქტივისტის ინტერესებს იცავს.
დაცვის მხარემ სასამართლოს ინდიკო ბჟალავასთვის 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა და ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
„სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა გაითვალისწინა და ინდიკო ბჟალავას 10 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძების სახით შეფარდებული პატიმრობა. როგორც მოსამართლემ განმარტა, ამ ეტაპზე არ არსებობს პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა, ის საფრთხეები, რაც თეორიულად და ჰიპოთეტურად შეიძლება არსებობდეს, გირაოს პირობებშიც შეიძლება გაუვნებელყოფილ იქნეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ინდიკო ბჟალავას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 3 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
სამეგრელოში, მარტვილში, ბალდის უნიკალური კანიონის გასხვისებისა და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, რომლებიც თვეებია უწყვეტ აქციას მართავენ, 11 ივნისს, გვიან საღამოს, კარავში თავს დაესხნენ. შეიარაღებულმა პირებმა ბალდის კანიონის ორი მცველი დაჭერეს. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით, მარტვილის პოლიციამ ძმები, გელა და გიგა ხურცილავები დააკავა. 12 ივნისს დააკავეს პროტესტის აქტიური მონაწილე ინდიკო ბჟალავაც, რომელსაც პროკურატურა თავდასხმამდე გელა ხურცილავას ცოლის, სოფიო შაყულაშვილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. „მთის ამბების“ მიერ მომზადებული სპეციალური რეპორტაჟის მიხედვით, აქტივისტის დაკავების, ხოლო შემდეგ უკანონო პატიმრობის საფუძველი გახდა ერთადერთი მოწმის ჩვენება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლის მიერ არის გაყალბებული.
