ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
- 6 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელს პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა, დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ დაკავების ოქმი გაყალბებული იყო და რეალურად, ჟურნალისტის დაკავება სტიკერის გაკვრის გამო მოხდა.
„მზია ამაღლობელი ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით“, - მოსამართლის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.
13 მარტის სხდომაზე მოსამართლე შაინიძემ თავად თქვა, რომ ვიდეოჩანაწერებში ვერ დაინახა „მზიას მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტი“.
მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოხვდება და „აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე“. ქურდოვანიძის თქმით, საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზია ამაღლობელმა რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა.
„შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან ორი საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზის დატოვებამდე იქ შეკრებილებს უჩვენა წარწერა „ბრძოლა ბოლომდე“.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს.
პირველად მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით, სამმართველოს შენობის ღობეზე სტიკერის - წარწერით „იფიცება საქართველო“ - გაკვრის გამო მოხდა, რაც ვიდეოკადრებით დასტურდება.
ადვოკატების განმარტებით, სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა არ არის, რის გამოც პოლიციამ ოქმი გააყალბა და მიუთითა, რომ თითქოს, მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამასთან, ადმინისტრაციული დაკავების გაყალბებულ ოქმში მითითებულია, რომ ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვაზაძემ დააკავა, მაშინ, როდესაც ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ დამკავებელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელიაა.
მზია ამაღლობელი მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს, რისთვისაც მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
14 იანვარს, ადმინისტრაციული დაკავების გაყალბებული ოქმი მზია ამაღლობელის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენებას დაედო საფუძვლად. პროკურატურის მიერ დასახელებული ერთ-ერთი გარემოება, რაც მაშინ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გაიზიარა, დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე იყო.
