ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ფედერალური დაფინანსების (გრანტებისა და სესხების) გაყინვის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
მოსამართლე ლორენ ალიხანმა გადაწყვეტილება განკარგულების ძალაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე და სასამართლოში სარჩელის შესვლისთანავე მიიღო. სასამართლოს ადვოკატირების ჯგუფებმა მიმართეს, რომლებიც არაკომერციულ ორგანიზაციებს, მცირე ბიზნესებს და ჯანდაცვის სპეციალისტებს წარმოადგენენ.
მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ თეთრი სახლის განკარგულებას თან ახლავს „გამოუსწორებელი ზიანის“ რისკი. „მთავრობამ არ იცის პროგრამების სრული მასშტაბები, რომლებიც გაყინვას დაექვემდებარება“, - განაცხადა მან.
დემოკრატები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ცალმხრივად შეეწყვიტა კონგრესის მიერ უკვე გამოყოფილი თანხების ხარჯვა. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ალიხანმა საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა, 22 შტატის და კოლუმბიის ოლქის დემოკრატმა გენერალურმა პროკურორებმა სასამართლოში საკუთარი სარჩელი წარადგინეს. როგორც ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, ტრამპის „პოლიტიკა უგუნური, საშიში, უკანონო და არაკონსტიტუციურია“.
ფედერალური დაფინანსების „დროებითი“ გაყინვის მასშტაბები დაზუსტებული არ არის. მედიის ინფორმაციით, ეს მოიცავს საგარეო დახმარების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გენდერული მრავალფეროვნების და გარემოს დაცვის პროექტების მხარდაჭერასაც.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაფინანსების „დროებით შეჩერების“ მიზანია დარწმუნდნენ, რამდენად შეესაბამება ფედერალური პროგრამები პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 55 სააგენტოს 2600-ზე მეტი საგრანტო პროგრამის შესწავლა დაევალა.
„ამ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, იყვნენ გადასახადის გადამხდელთა დოლარების კარგი მმართველები. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი კამპანია ჩაატარა“, - განაცხადა ლევიტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანებზე, რომლებიც უშუალოდ მთავრობისგან იღებენ ინდივიდუალურ დახმარებას, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სურსათის ტალონები, დაფინანსების გაყინვა გავლენას არ მოახდენს.
მოსამართლე ლორენ ალიხანის გადაწყვეტილება 3 თებერვლამდე მოქმედებს და მანამდე ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია შეაჩეროს გადახდები აშშ-ს კონგრესის მიერ უკვე დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირაში მოსამართლე თავისი გადაწყვეტილების მოქმედების ვადას გაახანგრძლივებს.