ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სასურსათო მაღაზიის მფლობელსა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტს პროკურატურა პროპაგანდისტული „პოს ტვ“-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ოპერატორზე ძალადობას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პროკურორ აკაკი მოქერიას მტკიცებით, საქმეში არსებობს ვიტალი გუგუჩიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები.
„ფაქტს ჰყავს თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. მათ ეს ინფორმაცია მიაწოდეს სწორედ საგამოძიებო ორგანოს და დეტალურად აღწერენ იმ აგრესიას, რაც ჟურნალისტისა და ოპერატორის ადგილზე მისვლის შემდგომ გაჩნდა ბრალდებულის მხრიდან. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები, რომლის გაშიფვრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ბრალდებული მათი გამოჩენისთანავე გახდა აგრესიული“, - განაცხადა პროკურორმა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გუგუჩიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. როგორც ადვოკატი რევაზ მიქაია ამბობს, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები „ერთმანეთს საერთოდ აცდენილია“.
ვიტალი გუგუჩია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ის აცხადებს, რომ „პოს ტვ“-ის გადამღები ჯგუფი მასთან არა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების, არამედ პროვოკაციის მოწყობის მიზნით იყო მისული.
„არსებობს უწყვეტი კადრები, სადაც ჩანს, რა სახის ჟურნალისტუ საქმიანობას ეწევა ნათია ბერიძე - ეგ არ არის ჟურნალისტური საქმიანობა. მე მხოლოდ გინებითა და უწმაწური სიტყვებით ვუპასუხე იმ სიბინძურეზე, რასაც მე მაბრალებდა. რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას, კადრებში ჩანს, რომ ოპერატორს, რომელსაც დავალება ჰქონდა შესასრულებელი, პირდაპირ წამოვიდა ჩემსკენ და მე თავს ვიცავდი.
ეს არის ძალიან გამოცდილი რუსული მეთოდი, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის „სამართლებრივი“ გზით ცდილობენ აქტიური ადამიანების დაშინებას, რომ მათ ვერ გამოხატონ საკუთარი აზრი და არ მიიღონ მონაწილეობა იმაში, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვალოს ცხოვრება“, - განაცხადა გუგუჩიამ სასამართლო სხდომის შემდეგ.
მოგვიანებით მან თქვა, რომ გირაოს თანხა მისმა მხარდამჭერებმა ნახევარ საათში შეაგროვეს.
გუგუჩია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან ორი თვის წინ, მის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. „პოს ტვ“-ის 52%-იანი წილის მფლობელი სწორედ ჯაფარიძეა.
28 მაისს, როდესაც რუსული კანონისთვის ხმის მიცემის შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტი დატოვა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ქუჩაში „მონა“ დაუძახა. დეპუტატი ავტომობილიდან გადმოხტა, გუგუჩიას მაღაზიის დახლიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა. ვიდეომ სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა დააგროვა. მომდევნო დღეს ვიქტორ ჯაფარიძე მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. „ფორთოხალი პრობლემა არ არის, ჩვენს შვილებს მომავალი წაართვით“, - უთხრა მას ვიტალი გუგუჩიას მეუღლემ, მირანდა ჯობავამ.
31 ივლისს, ვიტალი გუგუჩიას სახლში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, „პოს ტვ“-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ მიაკითხა და ცოლისა და ოთხი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მას „ზონდერი“, „მეგის ქარდავას ხელის ბიჭი“ და „ჩახდილი“ უწოდა. ვიტალი გუგუჩია ნათია ბერიძესა და მის თანმხლებ ოპერატორებს წასვლისკენ მოუწოდებდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა - პროპაგანდისტული ტელეარხის ოპერატორმა გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.
პროკურატურამ ვიტალი გუგუჩიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.