მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 3 ნომინანტს შორისაა

დამოუკიდებელი ქართული ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პრემიის შესარჩევმა კომისიამ ნომინანტთა მოკლე სია დღეს გამოაცხადა. სამ ფინალისტს შორის არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლიც.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზია ამაღლობელი 2000 წლიდან პიონერი ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების თანადამფუძნებელია:

„მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და მკაცრად მოპყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოჰყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას. მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში“.

ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია ყოველწლიური ჯილდოა 60,000 ევროს ოდენობით, რომელიც აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეულ ქმედებებს ადამიანის უფლებების დაცვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯილდო 2013 წელს დააარსეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკამ და „ქარტია 77“-ის ფონდმა. ჯილდო ატარებს ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელს.

ჯილდო გაიცემა ცერემონიაზე, რომელიც სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე გაიმართება. პრემიის მფლობელს ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი გამოაცხადებს.

„დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უმნიშვნელოვანესია იმ ქალებისა და მამაკაცების პატივისცემა, რომლებიც თავიანთი გამბედაობით, მონდომებითა და ძალით გვაჩვენებენ თავისუფლებისკენ მიმავალ გზას.

ჟურნალისტები, განსაკუთრებით, თავიანთი გამბედაობით, მონდომებითა და სიმართლისადმი ურყევი ერთგულებით, ანათებენ თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ მიმავალ გზას.

ბოლო წლები ჟურნალისტებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი იყო, ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი პერიოდი, მთელს მსოფლიოში მოკლულთა, დაშავებულთა და დაკავებულთა რეკორდული რაოდენობით.

სამყაროში, სადაც ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ხშირად სადავოა, მათი დაუღალავი შრომა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და სიმართლის გამოსავლენად, მათი სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად, ძალადობის გამოაშკარავებისა და ხელისუფლების პასუხისგებაში მიცემისთვის, ყველასთვის ძლიერი მაგალითია.

ვაცლავ ჰაველს ღრმად სწამდა სიტყვების ძალისა და ჟურნალისტიკის მნიშვნელობის, ამტკიცებდა, რომ სიტყვებს შეუძლიათ ისტორიის შეცვლა და სიმართლის თქმას შეუძლია რეპრესიული რეჟიმების დამხობა“, - განაცხადა PACE-ს პრეზიდენტმა, თეოდოროს რუსოპულოსმა შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ.

დაარსების დღიდან პრემია გადაეცათ - მარია კორინა მაჩადოს (ვენესუელა), ოსმან კავალას (თურქეთი), ვლადიმერ კარა-მურზას (რუსეთი), მარია კალესნიკოვას (ბელარუსი), ლუჯაინ ალჰათლოულს (საუდის არაბეთი), ერთობლივად ილჰამ ტოჰტის (ჩინეთი) და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას (ბალკანეთი), ოიუბ ტიტიევს (რუსეთი), მურატ არსლანს (თურქეთი), ნადია მურადს (ერაყი), ლუდმილა ალექსეევას (რუსეთი), ანარ მამადლის (აზერბაიჯანი) და ალეს ბიალიაცკის (ბელარუსი).

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.