დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი - პოლიციელზე თავდასხმა - გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. ამის მიუხედავად, ნინო სახელაშვილმა ჯარიმა არ გამოიყენა.
„ერთი რამ გარდაუვალია. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს იქნება თქვენი სასჯელიც, ბატონო პროკურორებო. ეს იქნება ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში“, - თქვა მზია ამაღლობელმა 4 აგვისტოს სხდომაზე, როდესაც საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
მზია ამაღლობელმა უარი თქვა პოკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე - მისი განმარტებით, „იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა“.
„ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას“, - აღნიშნა ამაღლობელმა.
მანამდე, სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მიმართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება პოლიციელზე თავდასხმად შეფასდეს და პატიმრობით დაისაჯოს. მწარიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქმეში არსებულ კანონდარღვევებზე და ბრალდების სამართლებრივ პრობლემაზე. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურამ ვერ თქვა, რა განზრახვა ჰქონდა ამაღლობელს, მაშინ, როდესაც კანონი ამბობს, რომ თავდასხმა საფრთხეს უნდა უქმნიდეს პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
მზია ამაღლობელი საქართველოს პირველი პოლიტპატიმარი ქალია ბოლო 30 წლის ისტორიაში. ის უკვე თითქმის შვიდი თვეა რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ამაღლობელი 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სასამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“.
დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებასთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. ივნისის ბოლოს სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა კითხვები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.
