ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მზია ამაღლობელი საქართველოს წინააღმდეგ“ გამოაქვეყნა კითხვები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს 28 აპრილს მიმართა. საქმის არსებითი განხილვა ორ თვეში, 23 ივნისს დაიწყო. 15 ივლისს სასამართლომ მხარეებისთვის შემდეგი კითხვები გამოაქვეყნა:
- აღეკვეთა თუ არა მზია ამაღლობელს თავისუფლება კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევით? კერძოდ, შეესაბამებოდა თუ არა მისი დაკავება მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს იმ თვალსაზრისით, რომ იყო გამართლებული და გონივრულ ეჭვზე დაფუძნებული?
- წარმოადგინეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა შესაბამისი და საკმარისი მიზეზები, მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის დასასაბუთებლად, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით? განიხილეს თუ არა მათ მზია ამაღლობელის განგრძობადი პატიმრობის ალტერნატიული ზომები?
- ჰქონდა თუ არა მზია ამაღლობელს ეფექტური პროცედურა მისი პატიმრობის კანონიერების გასასაჩივრებლად, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი?
- დაირღვა თუ არა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, მოცემულ საქმეში, განსაკუთრებით განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე პარალელურ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის მოსამართლის მიერ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით?
- იყო თუ არა ჩარევა მზია ამაღლობელის კონვენციის 8(1) [პირადი ცხოვრების და მიმოწერის დაცულობის უფლება] და 10(1) [ადამიანის თავისუფლება მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად] მუხლებით გათვალისწინებული უფლებებში მისი მობილური ტელეფონის ამოღებასა და ჩხრეკასთან დაკავშირებით? თუ ასეა, შეესაბამებოდა თუ არა ჩარევა კონვენციის 8(2) და 10(1) მუხლების მოთხოვნებს?
- ჰქონდა თუ არა მზია ამაღლობელს წვდომა ეფექტურ შიდა სამართლებრივ საშუალებაზე კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლების შესაბამისად წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს მე-13 მუხლი?
- კონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება] შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ამ საქმეში დაწესებული შეზღუდვები გამოყენებული იყო თუ არა აღნიშნული დებულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული მიზნით, კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევით?
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).
„სასამართლომ საქმე დააკომუნიცირა მათ შორის, მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომლის დარღვევა დგინდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით“, - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
ონლაინ გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
