მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევაზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაიგზავნა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პოლიტიკური პატიმრის, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქურდოვანიძის თქმით, ამჯერად საქმე ეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ სრულიად უკანონოდ იქნა გამოყენებული.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მანამდე, სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისთვის სისხლის სამართლის წესით ბრალის წარდგენა, ის პოლიციამ ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა უკანონოდ და შემდგომ მის მიმართ, ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით, ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. საუბარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯების მუხლებზე. თუმცა, ეს იყო ერთი და იგივე გარემოება და არცერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და ის ერთ საქმეზე 2000, ხოლო მეორე საქმეზე - 1000 ლარით დააჯარიმეს. ორივე საქმე და მათ შორის, ადმინისტრაციული წესით დაკავება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე, არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება), მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-5 მუხლთან ერთობლიობაში მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევაზე.

„ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ ვდაობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო. მზია ამაღლობელის პირველი დაკავება მოხდა დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, სადაც იყო წარწერა „იფიცება საქართველო“. აჭარის პოლიციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და ბათუმის პოლიციის იმდროინდელმა უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ გააკეთა განმარტება მზია ამაღლობელის დაკავებისთანავაე, რომ მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე. 150-ე მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ კანონმდებლობით, ფორმალურადაც კი, არ ჰქონდათ პირის დაკავების უფლება, გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და მას ჩაუწერეს, თითქოს პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა, ეს ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო პროცესებზე - მათ მოიტანეს საქმესთან შემხებლობაში სრულიად არ მყოფი მტკიცებულებები, პოლიციელებმა მისცეს ცრუ ჩვენებები სასამართლო სხდომაზე და ამ ე.წ. მტკიცბულებებზე დაყრდნობით მოხდა მზია ამაღლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების. ეს არის მზია ამაღლობელის საქმეში არსებული დარღვევების მხოლოდ ერთი ეპიზოდი“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იგივე სტრასბურგის სასამართლო) მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ერთ საქმეს უკვე განიხილავს. პირველი საჩივარი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენებას, დაუსაბუთებელი პატაკის საფუძველზე მზია ამაღლობელის ტელეფონზე ექსპერტიზის ჩატარებას და სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას არსებულ იმ დარღვევებს შეეხება, რომლებზე უკვე ამოწურულია ქვეყნის შიგნით გასაჩივრების მექანიზმები.

საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრები ეტაპობრივად კიდევ გაიგზავნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.