„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილსის მერმა, კახა კალაძემ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, „ბათუმელები/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი დამნაშავედ გამოაცხადა. მისი თქმით, ამაღლობელმა დანაშაული ჩაიდინა, თუმცა პატიება არ უთხოვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს ყველას. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს?
მე არ მახსოვს, არ მომისმენია, დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია ამდენი ხნის განმავლობაში თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან ღირსეული პოლიციელი უწოდა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც „იცავს სახელმწიფოებრიობას, წესრიგს ქვეყანაში“.
„არავის მიეცემა უფლება, მოაწყოს არეულობა, რომელიც იმართება გარედან; არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში მოაწყოს რევოლუციები, დაპირისპირებები და ა.შ.“ - თქვა კალაძემ.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბრალად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჟურნალისტი პოლიციის უფროსს მის მიმართ არასათანადო მოპყრობაში სდებს ბრალს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო (რაც უფრო მსუბუქი მუხლია) და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით. ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
უკვე 18 დღეა, მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ექიმები შიშობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
