ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს დააბრუნებენ რუსთავის N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, მან კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 3 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 4 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 5 მოიპოვებენ თუ არა საქართველოში ტაილანდელი ქალებისგან კვერცხუჯრედებს იძულებით
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
ექიმი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს როგორც „დამაკმაყოფილებელს“ და აცხადებს, რომ რეკომენდაცია იყო, კვების აღდგენის კურსი კლინიკაში გაგრძელებულიყო.
„მაგრამ პაციენტი ითხოვს გაწერას, უკან დაბრუნებას პენიტენციურ დაწესებულებაში. მან დღეს მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს“, - უთხრა ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველს“.
მზია ამაღლობელის ადვოკატი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“, ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ ექიმებმა პატიმარს კლინიკის დატოვების უფლება მისცეს.
„მზია ამაღლობელი კლინიკაში შეყვანის დღიდანვე ითხოვდა, რომ დაებრუნებინათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა, კლინიკა და ექიმები არ აძლევდნენ ამის საშუალებას. ვინაიდან ახლა ამის საშუალება მისცეს, უნდა მივიჩნიოთ, რომ აღარ არსებობს განსაკუთრებული რისკები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით და მზია ამაღლობელის სურვილი დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ადვოკატმა.
მზია ამაღლობელი ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს, შიმშილობის 24-ე დღეს გადაიყვანეს. მან კვების აღდგენის გადაწყვეტილება 18 თებერვალს მიიღო.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირქტორი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელის დაკავება ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის სტიკერის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის დააკავეს.
დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა, არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციის სამმართველოს ეზოში შეყვანის შემდეგ მზია ამაღლობელს პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაიჭერდა.
ამაღლობელს დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, დგებუაძე კი თანამდებობაზე რჩება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება.
მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.
