საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად საქმეებს შორის ისეთი დანაშაულებების დამატებას, როგორებიცაა პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და პოლიციელზე თავდასხმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
კანონპროექტის ავტორი ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩიაა. მისი თქმით, კანონში ცვლილებების მიღების საჭიროება 7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილეების დაკავებამაც გამოავლინა.
„ბრალდებულს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტოს, რომელი კუთხით უფრო ხედავს მისი უფლებების სრულად დაცვის ალბათობას. აღნიშნული ცვლილება არ ემსახურება მხოლოდ ერთი რიგითი ბრალდებულის ინტერესებს, ამ ნაბიჯით სახელმწიფო ყოველგვარი კითხვის ნიშნების დასმის შესაძლებლობას იმთავითვე გამორიცხავს, როგორც სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ასევე უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებისას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
დეპუტატი კანონპროექტის დაჩარებული წესით განხილვას ითხოვდა, თუმცა პარლამენტის ბიუროს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. დოკუმენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლები „გირჩის“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად დანაშაულთა წრე გაფართოვდება და მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლებიც დაემატება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „მასშტაბური ანალიზია“ საჭირო და მსგავსი მნიშვნელობის ინსტიტუტის კონკრეტულ შემთხვევებზე მორგება „კარგი პრაქტიკა არ არის“.
„კანონპროექტი გრიგორიადისის შემთხვევის შემდეგ დააინიცირა „გირჩმა“. მე, როგორც იურისტს და დეპუტატს, არ მგონია, ეს მაინცდამაინც კარგი პრაქტიკა იყოს, როდესაც ერთ ინდივიდუალურ შემთხვევას ვარგებთ ხოლმე ძალიან სერიოზულ ინსტიტუტებს. ეს რეალურად ამახინჯებს სამართლებრივ სისტემას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
7-9 მარტის საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი და კიდევ ერთი ბრალდებული, თორნიკე აკოფაშვილი ითხოვენ, რომ მათი საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ორივე მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული. პოლიციელზე თავდასხმის გარდა, გრიგორიადისს პროკურატურა 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავება, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს. სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა, თორნიკე აკოფაშვილს კი 3000 ლარის ოდენობით გირაო.
