ნათია მეზვრიშვილი ხსნის, რატომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დევნას ეხმაურება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის პარალელურად, ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რატომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და რატომ უნდა შეწყდეს მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

„კანონში წერია, რომ დანაშაულია პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. რასაც „ოცნების“ პროპაგანდა გადმოსცემს და რასაც მზია ამაღლობელს ედავებიან, არ არის ეს და არ არის ამიტომ:

დაუკვირდით სიტყვებს „პოლიციელი“, „თავდასხმა“, „სამსახურებრივი საქმიანობა“. პოლიციელია ის, ვინც კანონს ასრულებს, საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, დანაშაულს და სხვა სამართალდარღვევას აღკვეთს. ეს საქმიანობაა პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობა. ორი დღეა ბათუმის მოვლენებს უყურებთ. რომელი ნახეთ აქედან? 

28 ნოემბრიდან დღემდე არც ერთი ზემოაღნიშნულ მიზნით პოლიცია არ მოქმედებს. მეტიც, პოლიციას საერთოდ არ აქვს რაიმე მიზანი. მიზანი აქვს ივანიშვილს - ადამიანების დასჯა განსხვავებული აზრის გამო და ამ მიზნის მიღწევაში პოლიცია ინსტრუმენტია. თითქმის ორი თვეა სადამსჯელო ოპერაცია მიდის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - ადამიანებს უმიზეზოდ, უკანონოდ აკავებენ და სამაგალითოდ სცემენ. შემდეგ ივანიშვილის სხვა ინსტრუმენტები - პროკურატურა და სასამართლო ამ ხალხს უკანონოდ აპატიმრებს.

იგივე ხდება ორი დღეა ბათუმში - კანონის ჩარჩოდან გასული, პოლიციის ფორმიანები (და არა პოლიციელები ზემოაღნიშნული გაგებით) უმიზეზოდ და უკანონოდ აკავებენ ადამიანებს, უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. შემდეგ სასამართლო დემონსტრაციულად აპატიმრებს.

ამით იმის თქმა მსურს, რომ ქვეყანაში არც სამართალია, არც წესრიგია, არც კანონია. ივანიშვილი ყოველდღე ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ინსტიტუტი თავად არის, დანარჩენი ყველაფერი მისი მომსახურე პერსონალია. დაუკვირდით რა უქნა სასამართლოს, რას უშვება პოლიციას, რას უშვება საჯარო სამსახურს. ადამიანებს ბოლომდე დააკარგვინა სამართალდამცავების და მართლმსაჯულების რწმენა. პოლიციელები ხალხს ცემენ, აგინებენ, სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაში დადის, სამართალდამცავები „ბლატაობენ“, „კაჩაობენ“, მოსამართლეები ქეიფისთვის სახეს კარგავენ.

და ამ რეალობაში, სადაც კანონი და სამართალი არავისთვისაა, „კანონი და სამართალი“ მხოლოდ მზია ამაღლობელისთვის უნდა იყოს? ან ეს რანაირი კანონი და სამართალია. და ვინც თვლით რომ არის, სად არის იგივე კანონი და სამართალი ნიღბიანი ზონდერების მიმართ, მოძალადე პოლიციელების მიმართ, ივანიშვილის მიმართ? რატომ ვერ პოულობენ ამ კანონს და სამართალს უკანონო პატიმრების მშობლები?

რაც შეეხება „თავდასხმას“ - სულ რომ დავაიგნოროთ ის რაც ზემოთ დავწერე და მხოლოდ „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებს დავეყრდნოთ, ეს არ არის თავდასხმა - ეს იცის პროკურორმაც და მოსამართლემაც. თუ რამეა, ეს არის სახეში ხელის გარტყმა და ისიც, თუ მოქალაქე დგებუაძეს ეტკინა. აუცილებლად ჰკითხეთ თუ ეტკინა და რას ფიქრობს - ნიღბიანი ზონდერების მიერ ნაცემ-ნაწამებ მოქალაქეებს თუ ეტკინათ?

მოქალაქისთვის სახეში ხელის გარტყმაზე ვერც ერთ ადამიანს ნახავთ პატიმრობაში. გარდა ამისა, მზია ამაღლობელი რეციდივისტია? მოწმეებს ემუქრება? მტკიცებულებებს ანადგურებს? სადმე გარბოდა?

სინამდვილეში, ასეთი საქმეები წყდება. მით უმეტეს, წყდება, როცა ყველაფერი ის უძღვის წინ, რაც ზემოთ დავწერე. ამიტომ არის მზია ამაღლობელი რეჟიმის უკანონო პატიმარი და ამიტომ უნდა გათავისუფლდეს სხვა პატიმრებთან ერთად“, - წერს ნათია მეზვრიშვილი Facebook-ზე.

პოლიტიკოსის შეფასებით, „ქვეყნის ტრაგედიაა“ ის, რაც პოლიციელების, პროკურორების, მოსამართლეების მიმართ ხდება.

„ვისაც სახელმწიფო და წესრიგი ესმის, შეუძლებელია არ აღშფოთდეს, მაგრამ

მზია ამაღლობელის „სამაგალითო დასჯით“ თქვენი რეპუტაცია ვერ აღდგება, თქვენდამი ნდობა ვერ დაბრუნდება. ეს რეპუტაცია დაგინგრიათ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა და აღდგება მხოლოდ რეჟიმის გასტუმრებით.

დიდი შრომა გველის წინ, მაგრამ ერთხელ ეს გაგვიკეთებია და მეორედ კიდევ უკეთესად და ისე გამოვა, რომ ვერც ერთმა ივანიშვილობის მსურველმა ვეღარ დაანგრიოს მომავალში. თავისუფლება რეჟიმის უკანონო პატიმრებს! ახალი არჩევნები!“, - წერს მეზვრიშვილი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დადგენილების მიხედვით, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს თავს დაესხა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, „შურისძიების მიზნით“. კერძოდ, „ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი“.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში, ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, მისი დაკავება აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელმეორედ დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.