„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საარჩევნოდ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დააფუძნეს, რომელსაც პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები - არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია შეუერთდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პლატფორმის პრეზენტაცია 8 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გაიმართა. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა დაამტკიცა.

„26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო. არ არის სხვადასხვა ფლანგებად დაყოფის დრო. არ არის ურთიერთ კრიტიკის დრო. არ არის ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. დღეს ერთიანობის დროა - ერთიანობის საქართველოსთვის, ერთიანობის გამარჯვებისთვის, ერთიანობის ევროპისთვის, ერთიანობის ქვეყნის გადარჩენისთვის. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ერთიანობით ჩვენ შეუძლებელიც შეგვიძლია...

თუ სხვა პარტიებმა, ამ ეტაპზე ვერ შეძლეს გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, გავერთიანდეთ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის თქმით, ის შეუერთდა ადამიანების ჯგუფს, რომელსაც უნდა არა ერთი კოალიციის დამარცხება, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვება „დიდ ბრძოლაში“.

„ჩვენ გვაქვს ერთი დიდი მიზანი, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო ურჩხულისგან, რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას. ამისთვის არსებობს ერთი გზა, დიდი ეროვნული, ერთიანი ძალისხმევა, რომ საქართველო იყოს ნაწილი მრავალფეროვანი, თავისუფალი ერების ერთობისა.

ჩვენი მიზანია, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელშიც ყველა ადამიანი, ისინიც, რომლებიც დღეს მტრებად აღგვიქვამენ, ბედნიერად იცხოვრებენ, სადაც ადამიანები იპოვიან სამართალს, სადაც იქნება სოციალური სამართლიანობა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, განათლება, თანასწორობა, სადაც განსხვავებული აზრისთვის არავინ იდევნება“, - თქვა ბაქრაძემ პლატფორმის პრეზენტაციაზე.

პოლიტოლოგმა გია ჯაფარიძემ, რომელიც პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, განაცხადა, რომ „ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ერთიანობა გადაგვარჩენს“. მან ერთიანობისკენ მოუწოდა სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდობასა და პოლიტიკურ პარტიებს.

„გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი, რადგან ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას. ამ გზაგასაყარზე გადაგვარჩენს ერთიანობა.ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა, რადგან ორგანიზებულობა იგებს არჩევნებს. ეს არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არჩევნები წყვეტს საქართველო საერთოდ დარჩება როგორც თავისუფალი ქვეყანა, თუ არ დარჩება. ასეთი ისტორიული მომენტის დროს ყველა უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ ვერთიანდებით იმიტომ, რომ გაიმარჯვოს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ჩვენი გამარჯვება არ იქნება არავის დამარცხება, ეს იქნება მთლიანად საქართველოს გამარჯვება“, - თქვა ჯაფარიძემ.

თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, რომ როდესაც „ქვეყნის ბედი სასწორზე დევს“, საჭიროა „ძალიან მკაცრი და თამამი“ გადაწყვეტილებების მიღება.

„დღეს ერთიანობაზე უარი ქმნის რისკს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის... მე და ბატონმა არმაზმა ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა, თუ არსებობს საერთო და დიდი მიზანი ამ ქვეყნისთვის. დღეს გავაჟღერე რწმენა, რომ როგორც ჩვენ გამოვავლინეთ ერთიანობა, ასევე გამოავლენენ სხვა პარტიები და მერე უკვე თანხმობა გვექნება პარლამენტში კოალიციურ მთავრობაზე“, - აღნიშნა კორძაიამ.  

ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრი სოფო ჯაფარიძე, სამოქალაქო აქტივისტი ანა მოსაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამავე პარტიის წევრი ლაშა დიაროვი.

„ერთიანობა“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით - 5.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.