„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა განაცხადეს, რომ არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან ერთად, „აუცილებლად უნდა დაიწყოს“ მათი ამომრჩევლების მხილება და გასამართლება. მათი თქმით, დაახლოებით 300 000 ადამიანი „წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება.
რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება! დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია“, - განაცხადეს „ნეიტრალურ საქართველოში“.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების თქმით, ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი „სხვადასხვა დანაყოფის“ აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, „მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, დამხმარეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან“.
„გამოდის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული, დანაშაულში თანამონაწილეობის ყველა ფორმა და კონკრეტული სუბიექტები სახეზეა - დანაშაულის აღმსრულებლები (სსკ-ის 22-ე მუხლი) - „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების წარმომადგენლები. მეორე - დანაშაულის დამხმარეები (სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილი) - ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას, მხარს უჭერენ და ხმას აძლევენ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას (აღმსრულებელს) და ამით ხელს უწყობენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას“, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლისთავზე „ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვების შემთხვევაში, წამოიწყებს სამართლებრივ პროცესს, „რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება“. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, აპირებენ ისეთი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, როგორებიცაა „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო“ და „გახარია - საქართველოსთვის“.