საქართველოს ბაზრიდან კომპანია „ნესტლეს“ მიერ წარმოებული ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი რძის ნაზავის, NAN-ის კონკრეტული პარტიების ამოღება მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ზედამხედველობას ახორციელებენ „ნესტლე საქართველოს“ მიერ ბაზრიდან შემდეგი პარტიების ამოღება/გამოთხოვის პროცესზე:
- NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
- NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
- NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
- NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;
სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მომხმარებლებს მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენონ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ „ნესტლემ“ სხვდასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.
„აღნიშნულ პროცესებში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც დარგის სპეციალისტებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს.
Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - წერია სურსათის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხაზგასმულია, რომ ბაზრიდან მხოლოდ მოცემული პარტიების გამოთხოვა ხდება, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს.
ამ თემაზე:
Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
