პროევროპული აქციების მონაწილეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ნიკა კაციას თმის ღერზე ჩატარებული ექსპერტიზით ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მოწმის სახით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები გამოიკითხნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ერთ-ერთმა ექსპერტმა, მარიამ ბახუტაშვილმა განაცხადა, რომ თმის ღერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ ინფორმაციას ყველაზე დიდხანს, თვეების განმავლობაში ინახავს.
„ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება“, - თქვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა.
ექსპერტიზა დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა. როგორც ადვოკატმა ნინო ლომინაძემ აღნიშნა, ექსპერტებმა მათ მიერვე გაცემული დასკვნა დღეს სასამართლოში დაადასტურეს და კატეგორიულად განაცხადეს, რომ კაცია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო.
„ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ კაცია იყო აქტიური მომხმარებელი, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ კაცია არ მოიხმარდა არცერთი კატეგორიის ნარკოტიკულ საშუალებას. პირველივე დღეს, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე და გავეცანი საქმის მასალებს ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დროულად დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა დადგენილებით მეთქვა უარი და მითითება იყო, რომ თავად შემეძლო ამ საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავება, რაც მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება. კაცია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „ნარკოტიკი ჩაუდეს“.
იგივე მუხლით იყო დაპატიმრებული პროევროული აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე. არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მოსამართლემ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ნიკა კაციას მსგავსად, ახობაძეც წინასწარ პატიმრობაში დეკემბრიდან იმყოფებოდა.
