ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართება

ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს, 15 თებერვალს ჩატარდა, ამომრჩეველთა ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა მიიღო. არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, ე.წ. კენჭისყრის წინასწარი შედეგები ასეთია:

  • ბადრა გუნბა - 46.38%
  • ადგურ არძინბა - 36.9%
  • რობერტ არშბა - 7.54%
  • ოლეგ ბარციცი - 4.04%
  • ადგურ ხურხუმალი - 0.97%

„საარჩევნო სიებში“ 134 500 ადამიანი იყო შეყვანილი, საიდანაც ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა 99 ათასმა მიიღო. ყველას წინააღმდეგ ხმა 1380-მა მისცა.

მეორე ტურში მონაწილეობას ბადრა გუნბა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ადგურ არძინბა, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა მიიღებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, კენჭისყრა ჩატარდა მოსკოვსა და ჩერკესკში. დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მოსკოვში გუნბამ, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ფავორიტია, 1190 ხმა მიიღო, ხოლო არძინბამ 1029. ჩერკესკი უპირატესობა არძინბას აქვს - მან 911 ხმა მიიღო, გუნბამ კი - 798.

როგორც დმიტრი მარშანმა განაცხადა, გრაფა „ყველას წინააღმდეგ“ მეორე ტურშიც იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც მოწინააღმდეგისა და „ყველას წინააღმდეგ“ მიცემული ხმების ჯამზე მეტ ხმას მიიღებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 თებერვალს, შუადღისას გაავრცელა განცხადება და დაგმო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც „უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“ გამოეხმაურა ევროკავშირიც. საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც „სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

ე.წ. არჩევნები დაგმეს უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, შვედეთის, პოლონეთის, ლიეტუვის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, ე.წ. არჩევნები „ბათილად“ მიიჩნევა.

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „საქართველოს აფხაზეთის რეგიონში“ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.