ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებენ „ქართულო ოცნების“ მიერ „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონპროექტის დაანონსებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„საქართველოში ოჯახი არ არის დარჩენილი, საიდნაც ადამიანი არ არის წასული საზღვარგარეთ სამუშაოდ, ან არ განიხილავს ამ პერსპესპექტივას სწორედ იმ უპერსპექტივობის, უმუშევრობის და სიდუხჭირის გამო, რომელშიც ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ის რეალური პრობლემები, რაზეც უნდა საუბრობდეს, ზრუნავდეს და რის გადაჭრასაც უნდა ცდილობდეს ივანიშვილის პარტია, მაგრამ ნაცვლად ამისა, ჩვენ მუდმივად ვხედავთ ამ უმნიშვნელოვანესი თემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას. პარლამენტში საჭიროა ისეთი ინიციატივების შემოტანა, რომელიც ებრძვის უმუშევრობას, უპერსპექტივობას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, საზოგადოებამ დისკუსია მოგონილ პრობლემებზე გადაიტანოს. „სწორედ ამას ემსახურება ინიციატივა - მოიგონოს რაღაც პრობლემა და მერე ამაზე შექმნას მთელი პიარ კამპანია“, - აღნიშნავს სამადაშვილი.
„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, სინამდვილეში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მმართველი გუნდი მართლა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მან „არარსებული საჭიროების თემა“ მოიგონა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 29 თებერვალს განაცხადა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოამზადებენ და წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
„თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ლგბტ პროპაგანდის“ სრულად ამკრძალავი კანონი რუსეთში დაახლოებით ორი წელია მოქმედებს. მანამდე, 2013 წლიდან, „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა“ მხოლოდ არასრულწლოვანთა შორის იკრძალებოდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ 2022 წლის 5 დეკემბერს ხელმოწერილი კანონის მიხედვით, „ლგბტ პროპაგანდისთვის“ ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის 400 000 რუბლს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 5 მილიონს. კანონი ეხება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, ონლაინ და ოფლაინ კინოთეატრებს, თეატრს, მედიასაშუალებებს, სარეკლამო ბიზნესს და სოციალური ქსელებს. „როსკომნადზორს“ აქვს უფლება, სასამართლოს განჩინების გარეშე დაბლოკოს ინტერნეტ რესურსები, რომლებიც „არატრადიციულ ურთიერთობების“, პედოფილიის და სქესის შეცვლის „პროპაგანდას“ შეიცავენ.