პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკისრებს. მისი შეფასებით, პოლიტიკურ ოპოზიციაზე „კოორდინირებული ფიზიკური ძალადობა“ განხორციელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლების უმაღლეს დონეზე არსებული დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ძალადობას, რაც ოპოზიციური საქმიანობის განხორციელებას საფრთხის შემცველს ხდის.
„დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ“, - აცხადებს გახარია, რომელმაც საქართველო ერთი წლის წინ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე დატოვა.
გახარიამ კიდევ ერთხელ განმარტა მისი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის მიზანი. „ჩვენ პარლამენტში შევედით, რათა მოქალაქეები, მათ შორის, ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მარტო არ დაგვეტოვებინა საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებთან, გამოგვეყენებინა პარლამენტის ყველა ინსტრუმენტი მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და გვეზრუნა, რომ პარლამენტში განსხვავებული ხმები ყოფილიყო წარმოდგენილი“, – აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ ამ მისიის ერთგულება მის გუნდს არასდროს შეუწყვეტია.
26 ივნისს, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას, „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების თქმით, ირაკლი ხელაძე იყო ის, ვინც მათ თანაგუნდელს, გიგა ფარულავას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ პირველმა დაარტყა. დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და სხვები.
ინციდენტს წინ უძღოდა ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლა. მან ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტისას „კუთხეში დგომა“ შეახსენა, რითაც ხაზი გაუსვა პრემიერის „რეალურ როლსა და ადგილს“ ხელისუფლებაში. ამ კრიტიკულ რეპლიკას დარბაზიდან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეძახილები მოჰყვა, რაზეც შარაშიძემ უპასუხა: „უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ“.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ვიკა ფილფანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებმა სიტყვიერად ვერ შეძლეს კობახიძის „უსუსურობის“ გადაფარვა, რის გამოც დეპუტატ ირაკლი ხელაძეს მიუვიდა ბრძანება, თავს დასხმოდა გიგა ფარულავას.
„მან დაუძახა გიგა ფარულავას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგამ თავი დაიცვა და ვაჟკაცური პასუხი გასცა. ამის შემდეგ კი ირაკლი ხელაძემ დაარტყა,“ - განაცხადა ფილფანმა. მისი შეფასებით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა:
„იქვე გაჩნდნენ გენო პეტრიაშვილი და ტალახაძე, რომლებმაც ორი წლის განმავლობაში პირველად იპოვეს თავისი ფუნქცია პარლამენტში... ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც 50 კაცთან ერთად ერთ კაცს ურტყამს, ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. რამდენიმე დეპუტატი ქალებზე იწევდა და მანდატური აკავებდა... მაგალითად, ასეთი იყო სპორტსმენი ზუკა რურუა“.
მომხდარის გამო პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. როგორც გიორგი შარაშიძემ მოგვიანებით განაცხადა, ყველაზე მეტად გიგა ფარულავა დაზარალდა: „ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა.“
„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით... სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები „ქოც ზონდერებად“ აქცია,“ - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბედრია სიჭინავამ საგანგებო ბრიფინგზე. მან დამნაშავეთა დასჯა მოითხოვა.
თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ჩხუბს შინაგან „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმეთა მინისტრთან და გენერალურ პროკურორთან ერთად სამთავრობო ლოჟიდან აკვირდებოდა, მომხდარში ოპოზიცია დაადანაშაულა და მათ „აგენტურა“ უწოდა: „აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე... ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს. ეს არის მათი საერთო სახე“.
იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მომხდარი პარლამენტის წევრზე ჯგუფურ თავდასხმად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 5-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.
