საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები/გაერთიანებები - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ალენ ბერსეს შემაჯამებელი განცხადება „არსებითად უპასუხისმგებლო“ იყო, უფრო მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში მისი ვიზიტი არ ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდის მხილებისთვის, მიგვაჩნია, რომ ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები ყურადღებას ამახვილებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც, მათივე განცხადებით, „გამოწვეულია „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით“.
ოთხი ოპოზიციური პარტია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვის აბსოლუტური უფლება დაარღვია, ფიზიკურად გაუსწორდა და უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ასობით მოქალაქეს, იყენებს კრიმინალურ, არაფორმალურ დაჯგუფებებს მოქალაქეების დაშინებისა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, ხოლო არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ავტორიტარულ დიქტატურას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რეპრესიული რეჟიმისათვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს“.
„ალენ ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“ მცდელობაზე ან ამ მიზნით არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული კანონი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სხვა ანტი-დემოკრატიული და ანტი-ევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე.
აღნიშნულ საკითხებზე საკმაოდ დეტალურად მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში. ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, სრულად ვიზიარებთ მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიზნით, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში“, - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.
ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებენ, იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე განსახილველად დააყენონ ალენ ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)