ორბანი აპირებს, გაანადგუროს ორგანიზაციები, რომლებიც დახმარებას აშშ-დან იღებენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უნგრეთი მიიღებს სამართლებრივ ზომებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მოსასპობად, რომლებიც დაფინანსებას შეერთებული შტატებიდან და სხვა საერთაშორისო წყაროებიდან იღებენ. Associated Press–ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, დღეს, 7 თებერვალს განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო რადიოში საუბრისას ორბანმა თქვა, რომ მისი მთავრობა ამოწმებს უნგრეთში მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსურ დახმარებას შეერთებული შტატებიდან იღებენ. მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის დაშლის შესახებ და განაცხადა, რომ სააგენტოს დახმარება გამოიყენებოდა იმ ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც მისი მთავრობის „დამხობას“ ცდილობდნენ.

„ახლა არის მომენტი, როდესაც ეს საერთაშორისო ქსელები უნდა განადგურდეს, ისინი უნდა გაქრნენ. აუცილებელია, რომ მათი არსებობა იურიდიულად შეუძლებელი გახდეს“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, USAID-ის დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები შეძლება „აგენტებად“ ჩაითვალონ.

„ამერიკიდან შემოსული ფული საჯარო უნდა იყოს და მათ წინააღმდეგ, ვინც მას იღებს, სანქციები უნდა დაწესდეს. უნგრეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით უცხოეთიდან ფულს ვერ მიიღებთ და ეს კანონით აღსრულდება. მათ, ვინც ამაშია ჩართული, სამართლებრივი შედეგები ელით“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანმა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალი რეგულაციების შემოღება 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ დააანონსა.

მისმა პარტიამ, „ფიდესმა“ 2023 წლის ბოლოს უკვე მიიღო კანონი - „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“, რომლის საფუძველზეც გასულ წელს „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“ შეიქმნა. უწყება უფლებამოსილია შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ჯგუფის ან პირის შესახებ, რომელიც სარგებლობს უცხოური დაფინანსებით და გავლენას ახდენს საჯარო დებატებზე.

„სუვერენიტეტის დაცვის აქტს“ ორბანის მთავრობის ოპონენტები რუსეთში მოქმედ „უცხოეთის აგენტების“ კანონს ადარებენ – ამბობენ, რომ ის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მთავრობის კრიტიკოსების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.

გასულ წელს „სუვერენიტეტის დაცვის ოფისმა“ გამოძიება დაიწყო ანტიკორუფციული ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის და საგამოძიებო ჟურნალისტური გამოცემა Atlatszo.hu-ს წინააღმდეგ.

ევროკომისიამ „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში გაასაჩივრა, რადგან მიიჩნევს, რომ იგი არღვევს ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას და უდანაშაულობის პრეზუმფციას.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.