საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
დღეს, 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა“.
„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.
ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დროთა განმავლობაში დანაშაულებრივ დაჯგუფებად ჩამოყალიბებულ პირთა წრეს და ამ დაჯგუფების ლიდერებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დიდი ხნის დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დააორგანიზეს.
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, როგორც შექმნილი დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი - ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. მისი მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ასევე იქნა მოპოვებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროის და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, რის შემდეგაც გელა უძილაურმა 2025 წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შეკვეთით და ანგარებით მოკლა ლევან ჯანგველაძე, ხოლო მის თანმხლებ პირს იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის დაზიანება მიაყენა.
მოცემულ საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ათეულობით ექსპერტიზა, გამოიკითხულია ათეულობით მოწმე, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება და მსგავსი საქმეების გამოძიების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით, მოპოვებულია როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელის, ასევე მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ჩადენის მამხილებელი უტყუარი მტკიცებულებები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე დანაშაულის უშუალო ამსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – განაცხადა დარახველძემ.
გელა უძილაურის გარდა, ამ საქმეზე დაკავებულები არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი და სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც წარსულში რეგისტრირებული იყო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
ოთარ რომანოვ ფარცხალაძემ, ბრალის დადგენილების მიხედვით, ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურა სასამართლოს ოთარ ფარცხალაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ოთარ ფარცხალაძე მოხსენიებული იყო როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური [„ეფესბე“] მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა „ეფესბეს“ აგენტის დახმარებით მოიპოვა. აშშ-მა რუსეთში მოქმედი ორი კომპანიაც დაასანქცირა, რომელთა 50-50%-იანი წილი ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის - Moscow Business Brokerage-ი და International Business Corporation-ი.
დასანქცირებიდან რამდენიმე დღეში, 20 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში მის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონება - ბინები, სასტუმრო ნომრები, კომერციული ფართები მთლიანად მის შვილზე გააჩუქა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ფარცხალაძის 12 სხვადასხვა განაცხადზე საქმისწარმოება დაიწყო და დაასრულა ერთ საათში.
იმავე დღეს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნა, თუმცა ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა დაუყოვნებლივ არ შეუწყვიტა - განმარტა, რომ ოთარ ფარცხალაძე უნდა დასჯილიყო როგორც საქართველოს მოქალაქე და გამოძიება მოითხოვა. სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას ხელი ოქტომბერში მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „პირველმა“ ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია 2022 წელს ოთარ ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. ამის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრომ საკითხზე მოკვლევა მხოლოდ აშშ-ის სანქციების შემდეგ დაიწყო. საქართველოს კანონმდებლობით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პირი ორმაგ მოქალაქეობას ფლობდეს.
